ჩოგბურთი

13:14 | 18.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

გასკე გაამართლეს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უიმბლდონის ექს-ნახევარფინალისტ რიშარ გასკეს დისკვალიფიკაცია მოუხსნა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ფრანგი ჩოგბურთელი კორტზე ახალი სეზონის განახლებისთანავე გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ გასკე ერთწლიანი დისკვალიფიკაციით კოკაინის მოხმარებისთვის გახლდათ დასჯილი. თავად სპორტსმენი ირწმუნებოდა, რომ ნარკოტიკი მის ორგანიზმში შემთხვევით, მავანი ქალბატონის კოცნის შედეგად მოხვდა.
მიუხედავად ამისა, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია და ანტიდოპინგური სააგენტო მისთვის დისკვალიფიკაციის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას ითხოვდნენ.
გასკესდა საბედნიეროდ, სპორტულმა არბიტრაჟმა ჩოგბურთელის მხარე დაიჭირა და ხსენებული ორგანიზაციების წინადადება არ დააკმაყოფილა.
ცხადია, ამ ვერდიქტის შემდეგ, ფრანგი ჩოგბურთელი სიხარულისგან მეცხრე ცაზე გახლდათ: “გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის საშინელი პერიოდი წარსულში დარჩა.
ამ პროცესს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ველოდი. აშშ-ს ღია პირველობის დროსაც კი თავში მხოლოდ ეს სასამართლო მიტრიალებდა. ახლა, მომავალი ტურნირებისთვის დამშვიდებული გულით მოვემზადები.
ყველაზე მეტად “როლან გაროსს” ველი და დიდი სურვილი მაქვს პარიზში კარგად ვითამაშო. საფრანგეთის ღია პირველობაზე ორი წელია არ გამოვსულვარ, მიმდინარე წელს კი სტადიონზე შესვლის ნებაც არ დამრთეს, რაც საშინელება იყო.
იმედი მაქვს, ამ ამბებიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტან. ერთი ვიცი, რომ ის გასკე აღარ ვიქნები, როგორიც უწინ გახლდით.
ძალიან მესიამოვნა, რომ გაჭირვების ჟამს საჩოგბურთო სამყარომ ჩემი მხარე დაიჭირა. სასამართლოს გადაწვეტილების შემდეგ, მონფილსმა და სხვებმა მოლოცვის შეტყობინებები დამიტოვეს. ვეცდები, მათ შესაბამისი მადლიერებით ვუპასუხო”, - აღნიშნა რიშარმა AFP-სთან საუბარში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089778