მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი რაულ გარსია, მოახლოებული მადრიდული დერბის წინ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა.
ესპანელი მოთამაშის თქმით, მისმა გუნდმა იცის როგორ უნდა “რეალის” დამარცხება და ამის გაკეთებას აპირებენ.
“ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ “რეალის” წინააღმდეგ და მოვიპოვოთ გამარჯვება. შაბათს ამის ჩვენებას ვაპირებთ.
ბოლო პერიოდში, “რეალთან” მხოლოდ ესპანეთის თასზე არ გამოგვივიდა თამაში. ჩვენ იმ მატჩებს არასწორად მივუდექით”, – ციტირებს გარსიას სიტყვებს Mარცა.
საუბრის ბოლოს, რაული “ატლეტიკოში” მომხდარ ცვლილებებსაც შეეხო. მისი აზრით, ტიბო კურტუას, ფელიპე ლუისისა და დიეგო კოშტას წასვლით, კლუბი არ დასუსტებულა, რადგან მოიას, გრიზმანის, ჩერჩისა და მანჯუკიჩის დამატებით “როხიბლანკო” სერიოზულად გაძლიერდა.
“ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ წელს. რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დავკარგეთ, მაგრამ მშვენიერი შემცვლელები ვიპოვნეთ და წელსაც დიდი ამბიცია გვაქვს”, – დაასრულა საუბარი 28 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი ხვალ, 22:00 საათზე გაიმართება.
ირაკლი ალიმბარაშვილი