ძიუდო

19:27 | 4.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ღარიბ” “დიდ პრიზზე” 13 ქართველი იჭიდავებს

5-6 მაისს ბაქო ძიუდოისტთა “დიდ პრიზს” უმასპინძლებს. ქართული დელეგაცია აზერბაიჯანში ნაკრების იმ კანდიდატებით დაკომპლექტებული გუნდით გაემგზავრა, რომლებიც ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლში არ მონაწილეობენ. ნაკრების ძირითადი ბირთვი დღეს დილით ალჟირში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტრეინინგ-ცენტრში მთავარი მწვრთნელის, პეტერ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით შეიკრიბა. ბაქოში კი გუნდი ივერი ჯიქურაულმა იახლა.
“დიდ პრიზზე” საქართველოს დროშის ქვეშ 10 მამაკაცი და 3 ქალი იჭიდავებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქმეში გიორგი ბროლაშვილი და გიორგი მესაბლიშვილი ჩაერთვებიან, 66 კილოგრამში - შალვა ქარდავა და სანდრო იაკობაშვილი, 73-ში - ზებედა რეხვიაშვილი და ამბაკო ავალიანი, 81-ში - ლაშა ზურაბიანი, 90-ში – ზვიად გოგოჭური, 100-ში - ბექა ბერძენიშვილი და ალექსანდრე მსხალაძე. მძიმე წონაში კი საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება. აქვე ქალთა ნაკრების განაცხადიც: მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), შორენა შარაძე (70 კგ), ირინე ლეონიძე (+78 კგ).
იმის გათვალისწინებით, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე სამი თვეც აღარ რჩება, აზერბაიჯანში ტიტულოვანი სპორტსმენების ჩასვლას ალბათ არც არავინ ელოდა, მაგრამ მონაწილეთა ასეთი მწირი რაოდენობაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მამაკაცთა შვიდივე წონით კატეგორიაში ერთად 12 ქვეყნის 69 ძიუდოისტი მოგროვდა. მათგან 27 მასპინძელთა ნაკრების წევრია.
“დიდი პრიზის” ჩემპიონები პირად რეიტინგს 200 ქულით გაიუმჯობესებენ, ვერცხლის პრიზიორებს 120 ქულა ერგებათ, ბრინჯაოსნებს – 80 და ასე შემდეგ. უქულოდ საწყის ეტაპზე დამარცხებული ძიუდოისტებიც არ დარჩებიან.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161617