კალათბურთი

18:40 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის მიღმა დარჩენილმა გუნდებმა III-VI ადგილები გაინაწილეს

 

დასასრულს მიუახლოვდა დუდუ დადიანის მემორიალი, რომელსაც ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზი მასპინძლობს. ფინალში ასპარეზობის უფლება “სოხუმმა” და გარდამავალი თასის ამჟამინდელმა მფლობელმა “არმიამ” მოიპოვეს. ფინალური დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ფინალს მიღმა დარჩენილ “ოლიმპს”, “შსს აკადემიას”, “ქუთაისი-2010”-სა და “რუსთავს”, ამ გუნდებმა 8 ოქტომბერს III-VI ადგილები გაინაწილეს. მე-3 ადგილისთვის თამაშის უფლება “ოლიმპმა” და “შსს აკადემიამ” მოიპოვეს, ხოლო V-VI ადგილები “ქუთაისი-2010”-მა და “რუსთავმა” გაითამაშეს.

მართალია, “შსს აკადემია”-“ოლიმპის” შეხვედრაში ფავორიტად “ოლიმპი” ითვლებოდა, მაგრამ ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა “ძალოვნებმა” შეძლეს “ოლიმპის” დამარცხება 88:68 და მე-3 ადგილზე გავიდნენ. ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. “ოლიმპს” დისკვალიფიცირებული ცენტრალური თავდამსხმელი რიჩარდ მათიაშვილი არ ჰყავდა, ხოლო “შსს აკადემიამ” ტრავმირებული ლექსო ლაფანაშვილი მოისაკლისა. ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “შსს აკადემიას” კაპიტანი, მძიმე ფორვარდი ილია ლონდარიძე, რომელიც 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ლონდარიძის თანაგუნდელი, ახალწვეული მსროლელი ბექა ჩიკვილაძე, რომლის ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა დაფიქსირდა.

ლოგიკური შედეგით დასრულდა “ქუთაისი-2010”-“რუსთავის” შეხვედრა. მთელი მატჩი ფავორიტად მიჩნეული იმერლების უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლებმაც დიდი ანგარიშით 103:77 შეძლეს მეტოქის დამარცხება და მე-5 ადგილი დაიკავეს.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ლევან გრძელიძე, ავთანდილ ლომინაშვილი, გიორგი ბარბაქაძე (სამივე “ქუთაისი-2010”) და ირაკლი ალხანაიძე (“რუსთავი”) იყვნენ, რომლებმაც 17-17 ქულა  დააგროვეს.

 

 

 

0.441241