სხვა

18:34 | 19.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

გამოძიებამ ვერაფერი გამოიძია

საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIL), ორგანიზაციის გენერალური მდივნის სვეინ რომსტადისა და ვიცე-პრეზიდენტის კლერ დელნეგროს ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის თამაშებზე ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ქუმარიტაშვილს ტრაგედია ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე შეემთხვა, როდესაც უისლერის ტრასაზე სავარჯიშო დაშვებას ახრციელებდა. ნოდარის ციგას 140 კმ/სთ სიჩქარე ჰქონდა განვითარებული, როდესაც ბაკურიანელი სპორტსმენი ტრასიდან ამოვარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.
თავდაპირველად, ქუმარიტაშვილის დაღუპვა მის მიერვე დაშვებულ შეცდომას დაბრალდა, თუმცა, ახლა, საგამოძიებო კომისიამ, რომელშიც სხვა ჯგუფებთან ერთად, მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, 2010 წლის ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტი, კანადის ციგაობის ფედერაცია და კანადის პოლიცია იღებდნენ, კიდევ უფრო ბუნდოვანი დასვნა დადო.
მოხსენებაში ტრაგიკული ინციდენტი ასე შეფასებული: “ის, რაც ნოდარს შეემთხვა, გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევა იყო, რომელსაც სასიკვდილო შედეგი მოჰყვა. მოვლენების დეტალურად გამოძიების შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ აღნიშნულ ტრაგედიამდე არა ერთმა კონკრეტულმა მიზეზმა, არამედ მოვლენათა მთელმა წყებამ მიგვიყვანა”.
გამოძიების შედეგები რბილად რომ ვთქვათ უცნაურია და სიახლესაც არაფერს შეიცავს. მასში არც იმ პირთა დასჯაზეა საუბარი, რომელთა უყურადღებობასაც, შესაძლოა, უბედურება გამოეწვია.
სამაგიეროდ, ციგაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას იმის აღნიშვნა არ დავიწყნია, რომ ორგანიზაცია ქუმარიტაშვილის ოჯახის დახმარებას განაგრძობს და ბაკურიანში საერთაშორისო დონის ტრასის აგებაშიც, რომელსაც ნოდარის სახელი უნდა ეწოდოს, დიდ წვლილს შეიტანს.

დასკვნის გაცნობის შემდეგ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ხელთ გვაქვს საერთაშორისო საციგაო ფედერაციის მომზადებული დოკუმენტი, სადაც ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული ვინმეს ბრალეულობა, მაგრამ, ყველა აღიარებს, რომ მომხდარი ტრაგედია მხოლოდ სპორტსმენის შეცდომას არ მოჰყოლია.
დაველოდებით საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციის დასკვნას, მანამდე კი, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო საციგურაო ფედერაცია მონაწილეობას მიიღებს ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის მშენებლობაში და ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის დახმარებასაც გააგრძელებს”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09902