ძიუდო

13:45 | 31.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

გამართლებული პესიმიზმი: სულ ქვევით, ქვევით

ერთი ბრინჯაო – სულ ესაა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე. ეს კი, ქვეყნები, რომელთა ნაკრებებმაც პარიზის ტატამზე ქართულ გუნდზე შედეგიანად იჭიდავეს: იაპონია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, საფრანგეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი, ბრაზილია, ყაზახეთი, გერმანია, ჩერნოგორია, ჰოლანდია, აზერბაიჯანი, კუბა, უკრაინა.
ქართული ძიუდოს აწეწილობის გადამკიდე, ბოლო წლებში უარესი უშედეგობიც გვახსოვს. შარშანდელ მსოფლიოზე ამირან ტოტიკაშვილის გაწვრთნილი გუნდი სულაც უმედლოდ დარჩა, მაგრამ ზოგადად, მთელ გუნდს სტაბილურად სუსტად ეჭიდავოს, ძნელი გასახსენებელია. სეზონის უმთავრეს ტურნირზე, რომელიც გასულ კვირას პარიზში გაიმართა, ირაკლი ცირეკიძის (100 კგ) კვარცხლბეკზე ასვლას თუ არ ვახსენებთ (რომელმაც მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი მთავარი მწვრთნელისგან დამოუკიდებლად გაიარა), 14-კაციანი შემადგენლობიდან მხოლოდ ერთმა – ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) შეძლო მეოთხედფინალში გაღწევა და ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელება (იქ კი, პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა). დანარჩენი 12 სპორტსმენიდან 10-მა საწყის ეტაპზევე წააგო. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) კი ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. შეიძლება ვინმემ მსაჯებისგან ამ ორი ძიუდოისტის საწინააღმდეგოდ მიღებული არაობიექტური გადაწყვეტილებებიც ახსენოს, მაგრამ ეს უსამართლობები წარუმატებლობის მთავარ მიზეზად მაინც ნაკლებად გამოდგება. ავთანდილ ჭრიკიშვილს ეგებ მედლისთვისაც ებრძოლა ფრანგ მეტოქესთან, მსაჯებს სინდისიერად რომ ეკეთებინათ თავიანთი საქმე, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში რომ ვერც ჭრიკიშვილი იყო, ცოტა მოგვიანებით გუნდურ პირველობაზეც გამოჩნდა.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე შედეგი უნდა მქონდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და თუ ასე გაგრძელდა, აგვისტოში მართლაც უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი ნაკრები გვეყოლება”, – უთხრა საქართველოს ნაკრების ავსტრიელმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა “მსოფლიო სპორტს” ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატამდე 5 თვით ადრე. მას შემდეგ ქართულმა გუნდმა არაერთი შეკრება და ტურნირი გამოიარა. შედეგიანობა დიდად საამაყო ვერ იყო, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებიდან წარმატებას აღარც ითხოვდა ვინმე, რადგან ის შეჯიბრებებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად მიიჩნეოდა. არც მძიმე ტრავმიანობას გაუფუჭებია საერთო სურათი და არც შიდა დაპირისპირებებს. ციკლმა ერთი შეხედვით მშვიდ და სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა და მაინც... საფრანგეთში ქართველმა ძიუდოისტებმა იმაზე სუსტად იჭიდავეს, ვიდრე მათგან ელოდნენ. ნაკრები, რომელიც პარიზულ ტატამზე გავიდა, უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი ნამდვილად ვერ იყო.
ზაიზენბახერის შეგირდები წარმოუდგენლად ინერტულები ჩანდნენ. ტექნიკური არსენალი ხომ ვერ გამოავლინეს სრულად, გამძლეობა კი ისედაც ნაცნობი, ძველი პრობლემაა და პრობლემადვე რჩება. სამწუხაროდ, ამ ნაკლის აღმოფხვრას ავსტრიული მოსამზადებელი პროგრამა დიდად ვერ წაადგა. შესაძლოა, ამის მიზეზი მწვრთნელების არასწორი გათვლაც იყოს. მაგალითად, ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა სპორტსმენებმა ფიზმომზადების პიკი მსოფლიოს ჩემპიონატამდე გადაიარეს და სეზონის უმთავრეს ტურნირს გამოფიტულები შეხვდნენ. არის მეორე ვარიანტიც: პიკზე ასვლა პირიქით, დაუგვიანდათ.
ქომაგებისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) სამეულს მიღმა დარჩენა აღმოჩნდა. თუმცა ქართულ სპორტულ ფორუმებზე ჯერ კიდევ შეჯიბრების დაწყებამდე, ოპტიმისტურის გვერდით შიგადაშიგ უიმედო პროგნოზებიც გამოერია. სამწუხაროდ, პესიმისტების მოლოდინი გამართლდა. ეს მნიშვნელოვანწილად უიღბლო კენჭისყრის ბრალიც რომ იყო, გუნდურ პირველობაზე ლიპარტელიანის კარგმა ჭიდაობამაც დაადასტურა, მაგრამ იმავე გუნდურ ჩემპიონატზე, ევროპის ორგზის ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა იაპონელ დაიკი ნიშიამას ვერ მოუგო. იმავ ნიშიამასთან დამარცხდა ინდივიდუალურშიც. პესიმისტთა არგუმენტიც სწორედ ეს იყო – ძიუდოისტი, რომელიც წლების წინ ყველა დიდი ტურნირის ფავორიტებში სახელდებოდა, უკვე მეორე წელია, პრინციპული მეტოქეების დამარცხებას ვერ ახერხებს. ვეღარც ტექნიკა უჭრის ძველებურად და ფიზიკურადაც ვერაა სათანადოდ მზად.
ქართულმა ძიუდომ პოზიციები ძალიან დათმო, რაც საერთაშორისო ტურნირებზე უკვე არაერთგზის გამოჩნდა. მათ შორის პარიზულ ტატამზეც. მწვრთნელი, რომელიც დანიშვნის დღიდან ფიზმომზადების პრობლემის მოგვარებას და მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას გვპირდებოდა, ცხადია, გასაკრიტიკებელია, მაგრამ ამ წარუმატებლობის ფესვები მაინც 8 თვის მუშაობაზე გაცილებით ღრმადაა საძებარი. კონკრეტულად კი, იმ ხალხში, ვინც წლების განმავლობაში ნაშენები ქართული ძიუდოს უკუსვლას სიტუაციის ხელოვნურად არევითა და განხეთქილებებით დაუდო სათავე.
დაბოლოს, ერთი რიტორიკული კითხვაც: მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავებს, ჯარჯი ზვიადაურსა და გიორგი ზანთარაიას ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების რიგებში რომ ევარჯიშათ, ქართულ ძიუდოში დატრიალებული უამრავი სიბინძურის შემდეგ, ვითომ ისეთივე შედეგიანები იქნებოდნენ, როგორებიც უკრაინისა და საბერძნეთის სახელით ამჟამად არიან?

ქართველები მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე

ამირან პაპინაშვილი (60 კგ)
– მოუგო ტაჯიკ ჯამშედ ხალილოვს და მეორე წრეში (ოცდამეთორმეტედფინალში) წააგო უზბეკ გაბიტ ესიმბეტოვთან.
ბეთქილ შუკვანი (60 კგ) – პირველსავე წრეში (სამოცდამეოთხედფინალში) წააგო კანადელ ფრეზერ ვილთან.
დავით ასუმბანი (66 კგ) – დაიწყო მეორე წრიდან - მოუგო ჩეხ დევიდ დუბსკის და მეთექვსმეტედფინალში წააგო მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატართან.
შალვა ქარდავა (66 კგ) – დაიწყო მეორე წრიდან – მოუგო ამერიკელ კენეტ ჰაშიმოტოს და მეთექვსმეტედფინალში წააგო ბრაზილიელ ლეანდრო კუნიასთან.
ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) – მეორე წრიდან (ოცდამეთორმეტედფინალიდან) დაიწყო და წააგო ჰოლანდიელ დექს ელმონთან.
თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) – მოუგო გვატემალელ ხუან მეხია დე ლა როკას და წააგო ბრიტანელ დანიელ უილიამსთან.
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) – მოუგო ბურკინაფასოელ ჰერმან მონეს, უნგრელ შანდორ ნადისოლიმოშსა და ყაზახ საიატ შამშიევს და მერვედფინალში წააგო (წააგებინეს) ფრანგ ლუის პიეტრისთან.
ლევან წიკლაური (81 კგ) – მეორე წრიდან (ოცდამეთორმეტედფინალიდან) დაიწყო და უმალ წააგო უზბეკ იახიო იმამოვთან.
ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) – მეორე წრიდან (ოცდამეთორმეტედფინალიდან) დაიწყო და წააგო იაპონელ დაიკი ნიშიამასთან.
ზვიად გოგოჭური (90 კგ) – მეორე წრიდან (ოცდამეთორმეტედფინალიდან) დაიწყო. მოუგო შვედ ჟოაკიმ დვარბის და წააგო სამხრეთკორეელ კიუ-ვონ ლისთან.
ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) – მოუგო ბრაზილიელ ლუჩიანო კორეას, ირანელ ჯავად მაჰჯოუბსა და იაპონელ ტაკამასა ანაის და მეოთხედფინალში წააგო ბელგიელ ელკო ფან დერ ხესტთან. რეპეშაჟში მოუგო რუს სერგეი სამოილოვიჩსა და ეგვიპტელ რამადან დარვიშს.
ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) – მოუგო ლიტველ მარიუს ლაბალაუკისს, ჰოლანდიელ ჰენკ ხროლსა და ბოსნია ჰერციგოვინელ ამელ მეკიჩს და მეოთხედფინალში წააგო ეგვიპტელ რამადან დარვიშთან. რეპეშაჟის ნახევარფინალში წააგო ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან.
ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) – მოუგო ფილიპინელ ტომოჰიკო ჰოშინას და ყირგიზ იური კრაკოვეცკის და მერვედფინალში წააგო სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმთან.
ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) – მოუგო სამხრეთკორეელ სო-ვან კიმს და მეორე წრეში (ოცდამეთორმეტედფინალში) წააგო პოლონელ გრჟეგორჟ ეიტელთან.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163267