შუა კვირაში ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელიც სამ დღედაა დახლეჩილი. ტური დღეს აიღებს სტარტს და ორი შეხვედრა გაიმართება.
მადრიდის “რეალი” შინ “ელჩეს” მიიღებს და როგორც ცნობილია, “ბლანკოსის” კარში პირველად ჩადგება კეილორ ნავასი. რაც შეეხება ღამის შეხვედრას, ვიგოში გალისიური დერბი გაიმართება, “სელტა” “დეპორტივოს” უმასპინძლებს, რომელიც შაბათს “რეალთან” განადგურდა (2:8).
რეალი – ელჩე
დასაწყისი: 23 სექტემბერი, 22:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
ცუდი სტარტის შემდეგ, მადრიდელებმა თამაში გამოასწორეს და ბოლო ორ შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხეს. რაც მთავარია, ფორმაში არიან გარეტ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ, რომლებმაც “დეპორტივოსთან” დუბლი და ჰეთ-თრიკი გაიფორმეს. ორი გოლის გატანა მოახერხა კლუბის ახალწვეულმა ხავიერ ერნანდესმა, რომელმაც მხოლოდ ბოლო წუთები გაატარა მოედანზე. "ბლანკოსის” მთავარი პრობლემა უკანა ხაზია, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. ლა ლიგის 4 შეხვედრაში იკერ კასილასს 8 გოლი გაუტანეს. ამიტომაც, კარლო ანჩელოტი დღეს კეილორ ნავასის ძირითადში დაყენებას აპირებს. ასევე, ელიან ისკოს, ნაჩოსა და ხავიერ ერნანდესის გამოჩენას სასტარტოში.
მასპინძელთა მსგავსად, 8 გოლი აქვს გაშვებული “ელჩესაც”, მაგრამ “სამეფო კლუბისგან” განსხვავებით, ვალენსიელები შეტევაში ვერ ყოჩაღობენ და 4 ტურში ამდენივე ქულა აქვთ მოპოვებული. გასულ ტურში, “ელჩემ” “ეიბართან” წააგო (0:2). გამომდინარე იქიდან, ორივე ეს კლუბი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, შინ ქულების მაქსიმალურად დაგროვებაა საჭირო. “ელჩეს” უშუალო კონკურენტებთან უკეთესი თამაში მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლა ლიგაში დარჩენა გაუჭირდებათ. დღეს სტუმრების შანსი რომ ძალიან მიზერულია, ყველასთვის ნათელია.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, ვარანე, არბელოა, კოენტრაო, კროოსი, ისკო, როდრიგესი, ბეილი, რონალდუ, ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
დაააკლდებიან: ხესე, ხედირა.
ელჩე (4-3-3): ტიტონი, ცისმა, როკო, ლომბანი, ალბაკარი, პასალიჩი, ადრიანი, მოსკერა, ფაჟრი, გ.როდრიგესი, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
დააკლდებიან: არავინ.
სელტა – დეპორტივო
დასაწყისი: 23 სექტემბერი, 00:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: ვიგო, “ესტადიო დე ბალაიდოსი”
სეზონი კარგად დაიწყო ვიგოს “სელტამ”, რომელსაც 4 ტურში წაგება არ აქვს განცდილი. ვიგოელებს სამი ფრე აქვთ ნათამაშები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ. ორი ტურის წინ, “სოსიედადთან” ძალიან არ გაუმართლათ, მთელი შეხვედრა იგებდნენ და 92-ე წუთზე ჯონის ავტოგოლით დაკარგეს 2 ქულა. გასულ შეხვედრაში კი, გალისიელებმა მოქმედ ჩემპიონ “ატლეტიკოსთან” არ წააგეს გასვლაზე. მოკლედ, “სელტა” კარგ ფორმაშია, მეტის პოტენციალიც ჩანს კლუბის თამაშში და დღევანდელ დერბიში აშკარა ფავორიტია.
საპირისპირო მდგომარეობაა მეორე გალისიურ კლუბში. “დეპორტივოს” 4 ქულა აქვს მოპოვებული და უკვე 12 გოლი აქვს გაშვებული, რაც პირველ რიგში “რეალის” დამსახურებაა, რომელმაც 8 გოლი გაუტანა ხერმან ლუქსს “რიასორზე”. მართალია, კლუბის მწვრთნელი, ვიქტორ ფერნანდესი ფერნანდესი გაიძახის, რომ დაფიქსირებული შედეგი მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს, მაგრამ ფაქტი ერთია – “დეპორტივო” ძალიან სუსტად გამოიყურება და თუ არ მოუმატა, ახლო წარსულში ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, შესაძლოა ბოლო წლებში მესამედ აღმოჩნდეს სეგუნდაში. განსაკუთრებით სუსტია დაცვა. გასაგებია, რომ “რეალია”, მაგრამ შინ 8 გოლის გაშვება იმ კლუბთან, რომელიც 17 წელი ვერ იგებდა მის სტადიონზე, უბრალოდ რომ ვთქვათ დამამცირებელია..
სავარაუდო შემადგენლობები
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, მალო, ფონტასი, კაბრალი, პლანასი, ა.ფერნანდესი, რადოხა, კრონ-დელი, ორელიანა, ნოლიტო, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერისო
დააკლდებიან: ბორხა ობინა
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, ლუისინიო, ლოპო, სიდნეი, ლაურე, მედუნჯანი, ბერგენტინოსი, კუენკა, ჯ.როდრიგესი, ხუნფრანი, პოშტიგა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
დააკლდებიან: სალომაო, ინსუა, პერესი
ირაკლი ალიმბარაშვილი