სხვა

19:14 | 22.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

გალერეა ჰობში სპორტული ქორეოგრაფიის დღეები გაიხსნა

გალერეა ჰობში “მსოფლიო სპორტის” ფოტოკორესპონდენტ ეკა ელოშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა – “სპორტული ქორეოგრაფია” გაიხსნა. გამოფენის გახსნას სპორტული მედიის, ფედერაციების, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დარბაზში 21 სპორტული ფოტოა გამოფენილი. თითოეულის გვერდით კი ეკა ელოშვილის მიერვე გადაღებული ქართული და უცხოური ქორეოგრაფიის ფოტოებია წარმოდგენილი და საცეკვაო და სპორტული ილეთები ერთმანეთს საოცრად წააგავს.
“მადლობა ყველას, ვინც გამოფენის ორგანიზებაში დახმარება გამიწია. – ოპერის თეატრს, ანსამბლებს – “ერისიონსა” და “თელას”. განსაკუთრებულად კი დიზაინის ავტორ ოთარ მხეიძის გარჯა მინდა გამოვყო. რომ არა იგი, ამ საქმის გაკეთება ძალიან გამიჭირდებოდა. 3 წელია, სპორტულ სამყაროში ვტრიალებ. ერთი შეხედვით არც ისე დიდი დროა, მაგრამ ამ პერიოდში ბევრი საინტერესო ფოტო დამიგროვდა და მეგობრებმა გამოფენის მოწყობა მირჩიეს. ნამუშევრების შეფასება თქვენთვის მომინდია” – განაცხადა ეკა ელოშვილმა.
შემდეგ მიკროფონთან სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია გალდავა მივიდა და მას შემდეგ, რაც ფოტოხელოვანს გამოფენის გახსნა მიულოცა, სპეციალური ჯილდოც გადასცა, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ქართული სპორტული ფოტოჟურნალისტიკა გამოფენების სიხშირით ნამდვილად არ გამოირჩევა.  ეკა ელოშვილის პირველი პერსონალური ფოტო-გამოფენა ამის გათვალისწინებით განსაკუთრებულად დასაფასებელია. უმთავრესი სილამაზე კი მაინც თემატიკაა - “სპორტული ქორეოგრაფია”. გამოფენა 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ოთარ მაღლაკელიძე

გიორგი ჭანიშვილის ფოტო


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064897