როგორც უკვე ვიუწყებოდით, სტამბულის “გალათასარაიმ”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, თურქეთის ჩემპიონობა უბრძოლველად დათმო.
განცხადება, რომ “გალა” სტამბულისვე “ფენერბაჰჩესთან” გადამწყვეტი მე-7 მატჩის სათამაშოდ არ გავიდოდა, გუშინ გაკეთდა, დღეს კი აღნიშნულს ხორცი შეესხა.
მარკოიშვილის კლუბმა პროტესტის ნიშნად “ფენერის” დარბაზს არ მიაშურა, შესაბამისად, ჟელკო ობრადოვიჩის გუნდს 20:0 მოგება ჩაეთვალა, სერიაში კი 4:3 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ “გალათასარაის” აღშფოთების მიზეზი თურქეთის კალათბურთის ფედერაციის არათანმიმდევრული ქმედება გახდა. მანუჩარის გუნდში თვლიდნენ, რომ ფინალის განმავლობაში, ფედერაციის და შესაბამისად, მსაჯების სიმპათიებიც მეტოქის მხარეს გახლდათ.