სხვა

15:26 | 29.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაიხარა, მაგრამ ბოლომდე, ვერა

ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” დასრულებულ ნოემბრის ბაშოზე მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ “იმპერატორის თასი” კარიერაში მეჩვიდმეტედ მოიპოვა და ეს გუშინაც გამცნეთ, დღეს კი, წლის დასკვნითი სუპერტურნირის საბოლოო შედეგებს უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ.
“თეთრ ფენიქსად” წოდებულმა ჰაკუჰომ ზედიზედ მე-5 ტურნირის მოგება შეძლო, თუმცა, მთავარი მიზნის მიღწევა მაინც ვერ მოახერხა. მოგეხსენებათ, 25 წლის სუმოისტი ბაშოზე მაქსიმალური შედეგის (ძიონ-შო) დაფიქსირებას ცდილობდა, რითაც იგი ფუტაბიამას ფენომენალური რეკორდის დამხობასაც შეძლებდა, თუმცა, “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა”.
1936-39 წლებში ლეგენდარულმა იაპონელმა მიჯრით 69 შერკინებაში იმარჯვა, ჰაკუჰოს კი ზურგს ზედიზედ 63 მოგება უმაგრებდა, როდესაც კიუშიუ ბაშოს მე-2 დღეს (სასტარტო ტურში იოკოძუნამ ქართველ ტოჩინოშინის აჯობა) იაპონელ კისენოსატოს გადაეყარა და აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირასთან სენსაციურად წააგო.
მუნხბატ დავააჯარგალმა საჩემპიონო თასი და სხვა მრავალი პრიზი მას შემდეგ მიიღო, რაც სუპერფინალურ შეხვედრაში (კეტტეი-სენი) დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმას სძლია. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში ჰაკუჰომ 86 გამარჯვება მიითვალა და თავისივე რეკორდი გაიმეორა.
27 წლის ტოიონოშიმა რვა თვის წინ სეკივაკეს ტიტულს ატარებდა, თუმცა საბუქმეიქერო სკანდალთან დაკავშირებული დისკვალიფიკაციის გამო ბანძუკეში შესამჩნევად დაქვეითდა, ახლა კი, დაკარგულის ანაზღაურებას ლამობს. იაპონელმა 15-დღიან ტურნირზე 14 მოგება მოაგროვა და ორი პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა. ხსენებული ფუტაბიამას მიერ დაარსებული სკოლა ტოკუციკაძეს აღზრდილმა ტექნიკური ოსტატობისთვის გინო-შო მიიღო, ხოლო მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის კანტო-შოთი დაჯილდოვდა.
შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ ბრწყინვალე ასპარეზობისთვის პრიზი იშვიათ იაპონელ ტალანტ კისენოსატოს გადაეცა. ცხადია, მასვე ჩააბარეს იოკოძუნას ძლევისთვის დაწესებული ოქროს ვარსკვლავი-კიმბოსი.
ძლიერ გაახარა საკუთარი გულშემატკივრები ფუკუოკას 38 წლის ბინადარმა ოძეკი კაიომ, რომელმაც პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ერთ ტურნირზე ათზე მეტი ბრძოლის მოგება მოახერხა.
იაპონელ ვეტერანთან შედარებით ერთით ნაკლები ანუ 11 მოგება მიითვალა ესტონელმა ოძეკი ბარუტომ. ბალტიისპირელმა სეკიტორმა ტემპი მას შემდეგ დააგდო, რაც ბაშოს მე-12 დღეს მარჯვენა ფეხის დიდი თითი დაიშავა.
მხოლოდ 8 გამარჯვებას დასჯერდა ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ, კიდევ ერთი ოძეკი, მონღოლი ჰარუმაფუჯი კი 2010 წლის ბოლო სუპერტურნირს მხრისა და წვივის ტრავმის გამო გამოეთიშა. იანვრის ჰაცუ ბაშოს წინ, “მზიური ცხენი” კადობანში იქნება ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი 26 წლის მონღოლმა მინიუმ რვა მოგება არ მიითვალა, ოძეკის ტიტულს დაკარგავს.
მომავალ ბანძუკეში სკეივაკეს წოდებას დაემშვიდობებიან უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) “გასული” ტოჩიოძანი და კაკურიუ, მათ ადგილებს კი ტოიონოშიმა და კისენოსატო დაიკავებენ.
ვარდნას ვერ ასცდებიან ნოემბრის ტურნირზე კომუსუბის რანგში მოასპარეზე რუსი არანი და ქართველი ტოჩინოშინი. 23 წლის ლევან გორგაძემ ფუკუოკას დოჰიოზე ცხრაჯერ წაიფორხილა, 26 წლის ალან გაბარაევი კი ერთბაშად თერთმეტჯერ დამარცხდა.
ასეთივე შედეგი ჰქონდა პირველ ევროპელ სეკიტორ კოკაისაც, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ 29 წლის ლევან ცაგურიამ ბოლო სამი შერკინება ფაქტიურად ცალი, მარცხენა ხელით ჩაატარა. “შავ ზღვას” მარჯვენა იდაყვის მყესები ჰქონდა დაზიანებული. 
მაკუუჩის ყველაზე მძიმე წევრმა გაგამარუმ იგივე თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც 200 კგ-ზე მეტს იწონის, დასკვნითი 9 შეხვედრიდან 8-ში იმარჯვა და დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირა, რისი წყალობითაც მე-10 მაეგაშირას წოდებას უკეთეს რანგზე გაცვლის.
ელიტარული დივიზიონის დატოვება მოუწევთ ბუშუიამას, კასუგაოსა და ექს-სეკივაკე ჰოკუტორიკის, რომელმაც კიუშიუ ბაშო კისრის ტრავმის გამო გამოტოვა. მათ ვაკაკოიუ, ტოიოჰიბიკი და ტოიოძაკურა ჩაანაცვლებენ.
ძურიოში 15-დღიანი შეჯიბრი ტომოძუნას სკოლიდან კაიოს თანაკლუბელმა, 23 წლის ბრაზილიელმა კაისეიმ მოიგო, რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში კი საკაიგავას სკოლის წარმომადგენელმა, 24 წლის ექს-სეკიტორმა მიოგირიუმ იმარჯვა, რომელიც მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, ნელ-ნელა ფორმაში შედის.
დასასრულ დავძენთ, რომ მომავალი ბანძუკე 21 დეკემბერს გამოქვეყნდება, 2010 წლის პირველი სუპერტურნირი კი 9-23 იანვარს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში შედგება. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101076