ფეხბურთი

17:12 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაიოზ დარსაძე: “ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” პარასკევს 24 მწვრთნელს A ლიცენზია გადაეცა.

მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების ხელმძღვანელის, გაიოზ დარსაძის მეთვალყურეობით, 25 სპეციალისტი 5 კვირის განმავლობაში ცოდნას იღრმავებდა და მათგან ლიცენზია მხოლოდ ერთმა ვერ მიიღო. სულ 160 საათის განმავლობაში, მწვრთნელებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჰქონდათ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მათ A ლიცენზია სფფ-ს გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ გადასცა. ასევე, ამ პროცესს “ბასას” საპრესკონფერენციო დარბაზში ფედერაციის ტექნიკური და სპორტული დირექტორები – ნიკა ჩხეიძე და არჩილ არველაძე დაესწრნენ.

დარსაძის, ნოდარ აკობიასა და კობა ჟორჟიკაშვილის გარდა, ქართველი მწვრთნელების ცოდნის ამაღლებაში უცხოელი სპეციალისტები - ფრანკო ფერარი და პეტერ ვან დორტი მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, თბილისში მწვრთნელთა კურსების მუშაობის შესამოწმებლად უეფას კომისია იმყოფებოდა, რომელშიც მიშელ საბლონი და დენი რაიზერი შედიოდნენ.

A ლიცენზის დამადასტურებელი დიპლომები შემდეგ მწვრთნელებს გადაეცათ:

შოთა მახარაძე, ლევან ჯოხაძე, გიორგი კუტივაძე, ირაკლი ჩიტაური, რამაზ სვანაძე, შალვა ღონღაძე, ვახტანგ თურმანიძე, გიორგი მიქაძე, ბორის გონჩაროვი, ივანე მახარაძე, გიორგი გოგიაშვილი, გიორგი სუხიაშვილი, ზვიად ჯელაძე, ლადო ზაბახიძე, კახა ჩხეტიანი, არჩილ ღურწკაია, ოთარ თუთბერიძე, ვაჟა ჭყონია, მამუკა ჭაჭუა, ვალერიან გაგუა, მალხაზ ჟვანია, ხარიტონ ჩხატარაშვილი, გიორგი ყიფიანი, დიმიტრი თოფურია.

“თანდათან ვიხვეწებით და ამ კურსების იმასთან შედარებაც არ შეიძლება, პირველად რომ ჩავატარეთ. ყველაზე სასიამოვნოა, რომ ქართველი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ელიტრაუნდში გადიან და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე თამაშობენ. ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ”, – განაცხადა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში გაიოზ დარსაძემ.

მისი თქმით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს უეფასთან, რომ საქართველოს ფეხბურთი ფედერაციამ PRO ლიცენზიები გასცეს და ქართველ მწვრთნელებს მისი აღება ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღარ მოუწიოთ. დარსაძის განცხადებით, ამისთვის სფფ-მ უეფას ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.

0.327541