აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე), 2010-2011წწ სეზონის კალენდარული გეგმის მიხედვით, ცნობილი გაგრელი საფეხბურთო სპეციალისტის, თამაზ კუჭუხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ თამაზ კუჭუხიძე ახალგაზრდობაში საფეხბურთო კლუბების სოხუმის “დინამოსა” და “გაგრას” კიპერი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, მან გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, გაგრაში ბავშვთა პირველი საფეხბურთო სკოლა ჩამოაყალიბა. მის აღზრდილთაგან, ფეხბურთი ბევრს მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში (გოჩა გოგრიჭიანი, დიმიტრი კუდინოვი და სხვები) უთამაშია.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და აფხაზეთიდან დევნილი 1999 წელს დაბადებული მოზარდებით დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა. თავდაპირველად ჯგუფურ ეტაპად გამართული შეჯიბრი, ჯვარედინი ფლეი ოფით გაგრძელდა. ბოლოს ფინალში ერთმანეთს თბილისური გუნდები - “მერანი” და “ომც-მერანი” დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტმა პაექრობამ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ამიტომ მსაჯს (ტურნირს სფფ-დან მოვლენილი ონისე მოლოდინაშვილი, დავით სანაია და ილია მექერიშვილი არბიტრები ემსახურებოდნენ) პენალტების სერიის დანიშვნა მოუწია. თამაზ გურასპაშვილის გაწვრთნილმა “ომც-მერანმა”, მხოლოდ მე-11 ცდაზე შეძლო საფეხბურთო ლატარიის მოგება.
გამარჯვებულ გუნდს, თამაზ კუჭუხიძის სახელობის თასი და I ხარისხის დიპლომი აფფ-ის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ გადასცა. მეორე ადგილზე გასული “მერანი” (მწვრთნელი გია ფარფალია) სპეციალური თასითა და II ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. რაც შეეხება მე-3 ადგილზე გასულ გუნდს, იგი “გაგრა” (მწვრთნელი ლევან ჩხეიძე) აღმოჩნდა, რომელსაც თასთან ერთად III ხარისხის დიპლომი გადაეცა.
გათამაშების ორგკომიტეტის (მასში ასევე შედიოდნენ აფფ-ის პასუხისმგებელი მდივანი დიმიტრი ჭანტურია და აფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი პაპავა) გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამორჩეული ფეხბურთელები:
საუკეთესო მეკარე - გიორგი მამარდაშვილი (“გაგრა”);
საუკეთესო მცველი - დავით თვალიაშვილი (“მცხეთა”);
საუკეთესო ნახევარმცველი - თორნიკე ბერძენიშვილი (“ომც-მერანი”);
საუკეთესო თავდამსხმელი - დათო ნაჭყებია (“ომც-მერანი”);
საუკეთესო ბომბარდირი - სერგი მიქოიანი (“მერანი”);
ტექნიკური ფეხბურთელი - ლუკა ქევხიშვილი (“მერანი”);
პერსპექტიული ფეხბურთელი - თოკო ასკურავა (“გაგრა”);
მაყურებელთა სიმპათია - გურამ ჩანადირი (“მცხეთა”).
ფრიდონ კერვალიშვილი