სხვა

16:31 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს რვიდან ექვსი

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე 2014 წლის პირველ სუპერტურნირზე ეკვატორი გადაილახა, ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი კი კვლავაც ლიდერთა შორის ტრიალებს.

8 დღის თავზე გაგამარუს მაჩვენებელი 6 მოგება და 2 მარცხია და იგი მხოლოდ ორ სეკიტორს ჩამორჩება. ჰაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი იოკოძუნა ჰაკუჰოა მაქსიმალური მაჩვენებლით, ოძეკი კაკურიუს აქტივში კი 7 გამარჯვებაა.

ჯუღელის დარი მონაგარი გააჩნიათ აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოჰოძანს, დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ენდოს, აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოკოსორიუს და აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ოსუნაარასის.

თავის მხრივ, უკვე მე-3 მარცხი შეემთხვა ოძეკი კისენოსატოს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში პროფესიული სუმოს უმაღლესი ტიტულის იოკოძუნობის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

შაბათ-კვირას გაგამარუმ 2 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა სუმოისტმა დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოჩინოვაკას ჰატაკიკომით სძლია, ხოლო დასავლეთის მე-16 მაეგაშირა სატოიამას კოტენაგეთი აჯობა.

გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიოოოტორი იქნება, რომელთანაც ქართველს ერთადერთი გასული ორთაბრძოლა მოგებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ თავად ჯუღელი ტოკიოს სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯება და სატიტულო წინსვლისთვის დარჩენილი 7 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა.

0.135572