სხვა

14:41 | 18.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მაკუუჩიში დებიუტი მარცხიანი გამოდგა

რანგით მეორე ძურიოს დივიზიონში მხოლოდ მესამე ბაშოზე მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ელიტარულ მაკუუჩიში ერთი დღით გადასვლის პატივი დაიმსახურა და არცთუ ცუდად გაისარჯა, თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.
23 წლის გაგამარუ, რომელსაც ძურიოს მე-3 რეიტინგი აქვს მიკუთვნებული, გამოცდას 32 წლის ვეტერან ექს-სეკივაკე ტამანოშიმასთან აბარებდა და მეტოქეს მაგრადაც დაუდგა, თუმცა, დასავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდების მქონე იაპონელის უვატენაგე მაინც “გაეპარა” და სამი მოგების წილ ორი მარცხი მოუგროვდა.
იაპონიის ქალაქ ოსაკას ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მომდევნო ტურისთვის, ჯუღელი ისევ ძურიოს უბრუნდება და ძალებს მე-7 ნომრად მიჩნეულ სოკოკურაისთან გამართავს.
გასულ წელს გაგამარუ ჩინელ სეკიტორთან ორჯერ დამარცხდა, მიმდინარე წელს კი ნავსი გატეხა და მეტოქე იორიკირით დასცა.
წარმატებული დღე ჰქონდათ მაკუუჩიში რიცხულ ქართველ გოლიათებს – ტოჩინოშინიდ წოდებულ ლევან გორგაძესა და კოკაის შიკონათი მოასპარეზე ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინიმ მე-4 მაეგაშირა ტოსაიუტაკა მარცხენა ხელიდან მოიხელთა და უვატენაგეთი დოჰიოზე დასცა. 22 წლის გორგაძეს ხუთ დღეში სამი მოგება მოუგროვდა და დადებით ბალანსზე გავიდა, მომდევნო შეხვედრაში კი მე-5 მაეგაშირა ტოიოჰიბიკის შეერკინება.
2009 წლის მაისში ტოჩინოშინი იაპონელს იორიკირით გაუმკლავდა და არცთუ კარგ ფორმაში მყოფ მეტოქესთან (1-4) ჭიდილში ახლაც ფავორიტად მოიაზრება.
მარტის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ასასეკირიუს წარმატებული სვლა შეაჩერა “შავ ზღვად” წოდებულმა ლევან ცაგურიამ. მონღოლ ბადარჩ დაშნიამს ოსაკაში ზედიზედ ოთხი ბრძოლა ჰქონდა მოგებული, 29 წლის კოკაიმ კი პირველი შეხლის შემდეგ, მარჯვნივ გადაინაცვლა და წონასწორობადაკარგული “წითელი დრაკონი” დოჰიოზე მუცლით დაენარცხა.
ცაგურიას გორგაძის დარად 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და დადებით ბალანსზე გავიდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ იგი წლის მეორე სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ.
კოკაის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰაკუბა იქნება, რომელსაც შარშან არცერთხელ არ გადაყრია.
ხუთი დღის თავზე, ჰარუ ბაშოს ხუთი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს – იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი ჰარუმაფუჯი, სეკივაკე ბარუტო, მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუ და მე-13 მაეგაშირა ტოკიტენკუ.
ოსაკას ტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 28 მარტამდე გასტანს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158044