სხვა

15:53 | 16.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს იმედად ვრჩებით...

სამწუხარო რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ერთადერთი ქართველი სუმოისტი, რომელიც იანვრის ბაშოზე დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოში დაფიქსირების ხელჩასაჭიდ შანსს ინარჩუნებს, უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (198 კგ.) სეკიტორი, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუა, ტოჩინოშინისა და კოკაის კი, წოდებაში დაქვეითება ძნელად რომ ასცდეთ.
23 წლის გაგამარუმ, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე 2010 წლის პირველ სუპერტურნირს, მისი კარიერისთვის საუკეთესო – დასავლეთის მე-6 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, ბაშოს მე-8 დღეს, მე-3 გამარჯვება “რობოკოპად” წოდებულ ტაკამისაკარისთან იზეიმა. ქართველმა გოლიათმა იაპონელი მე-9 მაეგაშირა, დოჰიოდან ერთი ამოსუნთქვით, იორიკირის წყალობით გაიყვანა.
ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ვაკანოსატოა, რომელსაც ტოკიოში 7 ბრძოლა აქვს მოგებული და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “იმპერატორის თასის” მოპოვების კანდიდატად რჩება. გასული წლის ნოემბერში, გაგამარუს 34 წლის იაპონელი ოშიდაშით ჰყავს დამარცხებული.
ცუდად მისდით საქმეები თეიმურაზზე გაცილებით გამოცდილ ქართველ სუმოისტებს – ტოჩინოშინისა და კოკაის. ლევან გორგაძე საერთოდაც, ერთ-ერთ უარეს ტურნირს ატარებს. იგი ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ირჯება, თუმცა, ამ მდგომარეობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგანაც ამისთვის, დარჩენილი შვიდივე (!) შეხვედრის მოგება სჭირდება.
ტოჩინოშინიმ ერთი გამარჯვების ფონზე, მე-7 მარცხი პირველ მაეგაშირა ამინიშიკისთან განიცადა. 32 წლის იაპონელმა 23 წლის ქართველთან შერკინებისას, მარცხნივ გადანაცვლება მოასწრო და ოშიდაშიც პრობლემის გარეშე განახორციელა.
გორგაძის მომდევნო მეტოქე, სეკივაკე კისენოსატოა, რომელთანაც კარგი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს. გასული წლის მაისიდან მოყოლებული, ქართველი სეკიტორი 24 წლის იაპონელს ოთხჯერ გადაეყარა და მხოლოდ ერთხელ, ივლისში, იორიკირით აჯობა.
8-დან მხოლოდ ორი მოგება უმაგრებს ზურგს ქართული სუმოს პიონერს, ლევან ცაგურიას, რომელსაც სუმოს სამყაროში კოკაის შიკონათი იცნობენ. “შავი ზღვა” “რიოგოკუ კოკუგიკანში” აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯება და სამწუხაროდ, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დაქვეითების რეალური კანდიდატია.
დღევანდელ შერკინებაში, მე-10 მაეგაშირა ჰაკუბამ 29 წლის ქართველის მავაში ხელთ მოიგდო და იორიკირით იმარჯვა. ცაგურია მდგომარეობის გამოსწორებას დასავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტკასუგასთან ეცდება, რომელთანაც ბოლო ორ ბაშოზე მოგება-წაგება გაცვალა. 33 წლის ფუკუოკელს, ტოკიოში თანაბარი ბალანსი გააჩნია.
ჰაცუ ბაშოს ტრადიციულად, 15 დღეს მიმდინარეობს და 23 იანვრამდე გასტანს. ამ დროისთვის, ერთპიროვნული ლიდერი იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელსაც ყველა შერკინება აქვს მოგებული. ოძეკები ბარუტო და კოტოოშუ და რიგითი მაეგაშირები – კოტოშოგიკუ, ვაკანოსატო და ტოჩინონადა მონღოლ გოლიათს ერთი გამარჯვებით ჩამორჩებიან. ამ უკანასკნელმა, 7 მოგების შემდეგ, პირველი მარცხი შოტენროსთან განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170838