იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა პირველი გამარჯვება იზეიმა. 2 მარცხის კვალად, გაგამარუს შიკონათი ცნობილმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკანოივას ოშიდაშით სძლია.
აღსანიშნავია, რომ მონღოლი მეტოქე სტარტზე ცოტა შეყოვნდა, რადგანაც წესისამებრ, ქართველი მარჯვენა მუშტით დოჰიოს არ შეხებია, თუმცა, გიოძიმ ბრძოლა არ შეაჩერა და გაგამარუმაც “კეთილშობილი კლდე” იოლად დაჯაბნა.
შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ნაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა მასუნოიამა იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:1 ამარცხებს.
3 დღის თავზე მაისის სუპერტურნირს დანაკარგის გარეშე 8 სუმოისტი ლიდერობს, რომელთა შორის იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ და ოძეკი – კისენოსატოც იმყოფებიან, ოძეკი კოტოშოგიკუმ კი პირველი მარცხი კომუსუბი ჩიიოოტორისთან განიცადა.
ნაცუ ბაშოზე მე-2 შერკინებას 14 მაისს ჩაატარებს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე, რომელიც ძალებს რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში სცდის. დასავლეთის მე-6 საფეხურზე მდგარი ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთისვე მე-7 ნომერი საგაცუკასა იქნება.
ნაცუ ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=8E0YF4-IEPY