ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) სეკიტორმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე მე-7 გამარჯვება მიითვალა და დადებითი ბალანსისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა, ქართველ გოლიათს კაჩი-კოშისთვის დარჩენილი ორი ბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.
გაგამარუ კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და ტურნირის სტარტი ძალიან წარუმატებელი გამოუვიდა, თუმცა, ბოლო 7 შერკინებიდან 6-ში იმარჯვა და მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა.
ჯუღელმა 6 მარცხის ფონზე მე-7 მოგება აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა სოკოკურაისთან მიითვალა. 23 წლის ქართველმა სეკიტორმა 26 წლის ჩინელი იორიკირით დააამარცხა. სხვათა შორის, სოკოკურაისთვის ეს მე-8 მარცხი გახლდათ, ამდენად, მას მაკე-კოშისგან (უარყოფითი ბალანსი) ვეღარაფერი იხსნის.
გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა კოტოკასუგაა. 33 წლის იაპონელი ფუკუოკაშია დაბადებული და ადგილობრივი პუბლიკისგან დიდი მხარდაჭერაც გარანტირებული აქვს, თუმცა, 13 ბრძოლიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული. ქართველი სუმოისტი კოტოკასუგას სამჯერ დაპირისპირებია და მხოლოდ ერთხელ, მაისის ბაშოზე, იორიკირით დაუმარცხებია.
ნოემბრის ბაშოზე ზედიზედ მე-2, სულ კი მე-5 გამარჯვება იზეიმა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ, რომელსაც მომავალი ტურნირისთვის კომუსუბის ტიტულის რიგით მაეგაშირობაზე გადაცვლა მოუწევს. ტოჩინოშინიმ დასავლეთის მე-3 მაეგაშირა კიტატაიკის იორიკით აჯობა, რაც იმისთვისაა მნიშვნელოვანი, ქართველი წოდებაში რაც შეიძლება ნაკლები საფეხურით რომ დააქვეითონ.
გორგაძე სიტუაციის უფრო მეტად შელამაზებას 28 წლის იაპონელ იოშიკაძესთან ეცდება, რომელიც ფუკუოკაში აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირას ტიტულით ირჯება და უარყოფით ბალანსამდე ერთი წაგება აშორებს, ამდენად, ქართველის წინააღმდეგ ბოლომდე დაიხარჯება. 23 წლის ტოჩინოშინიმ გასული წლის ნოემბერში იოშიკაძესთან შიტატენაგეთი წააგო, ივლისში კი რევანში ცურიდაშით აიღო.
დოჰიო დამარცხებულმა მეცხრედ დატოვა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ იგივე კოკაიმ. 29 წლის “შავი ზღვა” წლის დასკვნით სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ დაქვეითება არ ასცდება. “რობოკოპად” წოდებული აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკამისაკარი, რომელიც იაპონელთა ერთ-ერთ საყვარელ სუმოისტად ითვლება, ქართველს ჰატაკიკომით გაუსწორდა.
ბაშოს მე-14 დღეს კოკაის მეტოქე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ასასეკირიუ იქნება. 29 წლის მონღოლს კიუშიუზე 5 გამარჯვება უმაგრებს ზურგს, ცაგურიასთან კი წლეულს უარყოფითი ბალანსი აქვს. მარტსა და მაისში კოკაიმ ასასეკირიუს ჰატაკიკომითა და უვატედაშინაგეთი აჯობა, გასულ სექტემბრის ტურნირზე კი იმავე ჰატაკიკომით წააგო.
ნოემბრის ტურნირის დასრულებამდე ორი დღე რჩება, “იმპერატორის თასის” მოპოვების ყველაზე რეალური კანდიდატები კი იოკოძუნა ჰაკუჰო და დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმა არიან. “თეთრმა ფენიქსმა” გზიდან იაპონელი ოძეკი კაიო ჩამოიშორა, ტოიონოშიმამ კი ამჯერად სეკივაკე კაკურიუს აჯობა.
ამ უკანასკნელის მოულოდნელი აღზევება შეუმჩნეველი სამსაჯო კომიტეტსაც არ დარჩენია, რომელმაც ტურნირის დასკვნითი დღეებისთვის განრიგში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ კიუშიუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ჰაკუჰო ესტონელ ოძეკი ბარუტოს შეერკინება, ტოიონოშიმა კი კაიოს დაუპირისპირდება.
გამორიცხული არაა, რომ სენსიურაკეს (ტურნირის დასკვნითი დღე) 170-სანტიმეტრიანი ტოიონოშიმა თვით იოკოძუნას წინააღმდეგაც დადგეს და ეს პატივი ორმეტრიან ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს ჩამოართვას.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ რიგით მაეგაშირას 15-დღიანი ტურნირი ბოლოს ცხრა წლის წინ აქვს მოგებული. 2001 წლის სექტემბერში “იმპერატორის თასის” მფლობელი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა კოტომიცუკი გახდა. აღნიშნულის შემდეგ ჩემპიონები მუდმივად იოკოძუნას ან ოძეკის ტიტულის მატარებელი სუმოისტები ხდებოდნენ.







