23 წლის ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მარტის ბაშოზე მესამე ბრძოლა მოიგო და კიდევ ცხრა სეკიტორთან ერთად ძურიოს დივიზიონში მიმდინარე ტურნირს სათავეში ჩაუდგა.
2010 წლის მეორე სუპერტურნირი ოსაკას ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში იმართება, გაგამარუდ წოდებული 189-კილოგრამიანი ქართველი კი მე-3 რეიტინგით ირჯება და უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში აღზევების კანდიდატად ითვლება.
გასულ ტურში გაგამარუ ძურიოს პირველ ნომერ ვაკაკოიუს დაუპირისპირდა, მეტოქე დოჰიოდან ოშიტაოშით გააგდო და 1 მარცხის წილ 3 გამარჯვება მოუგროვდა.
ჯუღელს ხვალ განსაკუთრებული დღე ექნება, რადგანაც პირველად კარიერის განმავლობაში ძალებს მაკუუჩი დივიზიონში მოსინჯავს.
ბაშოს ორგანიზატორები ძურიოს ლიდერებს ელიტაში გარევის საშუალებას ხშირად აძლევენ ხოლმე, ახლა კი, ეს ერთჯერადი აქცია ქართველ სეკიტორს ერგო, რომელსაც გამოცდის ჩაბარება დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ტამანოშიმასთან მოუწევს.
ცხადია, რომ მომავალ ბრძოლაში წარმატება გაგამარუს შემგომ ბედზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, ამდენად, ჩვენებურს მაქსიმალური მობილიზაცია მართებს.
რანგით დაბალ დივიზიონში მოასპარეზე თანამემამულეს მხარი ვერ აუბეს მაკუუჩიში მოასპარეზე ქართველებმა – ტოჩინოშინიმა და კოკაიმ.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ მე-7 მაეგაშირა კაკიძოესთან ოშიდაშით წააგო და თანაბარი ბალანსი – 2 მოგება, 2 მარცხი – მოუგროვდა.
22 წლის გორგაძემ ქომაგებში არცთუ პოპულარული ილეთის – ტატიაი-ჰენკას განხორციელება სცადა, თუმცა, მეტოქის სასტარტო მიძალებისას გვერდზე გაწეულმა 31 წლის ვეტერან კაკიძოეს კორპუსში შესვლის საშუალება მაინც მისცა და წაგებას ვერ გადაურჩა.
ტოჩინოშინის დარი მაჩვენებელი აქვს კოკაის შიკონათი მოასპარეზე ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელიც ოსაკაში აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას ტიტულით ირჯება და ძურიოში დაქვეითების საფრთხის წინ დგას.
“შავი ზღვა” აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ოკინოუმისთან, რომელიც მაკუუჩის დებიუტანტია, უვატენაგეთი დამარცხდა. 24 წლის იაპონელმა ექს-კომუსუბი კოკაის მარჯვენა ხელი მავაშიში ჩაავლო და მომგებიანი ილეთის განხორციელება არ გასჭირვებია.
ტურნირის მე-5 დღეს კოკაის მეტოქე მე-11 მაეგაშირა მონღოლი ასასეკირიუ იქნება, რომელთანაც გასული წლის ივლისში ჰატაკიკომით წააგო. მე-4 მაეგაშირა ტოსაიუტაკასთან მოუწევს დაჭიდება ტოჩინოშინს. შარშან ქართველი სუმოისტი იაპონელს ორჯერ გადაეყარა და ჯერ იორიკირით, შემდეგ კი უვატენაგეთი აჯობა.
მარტის ბაშოზე დაუმარცხებელი ექვსი სეკიტორიღაა, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი ჰარუმაფუჯი და სეკივაკე ბარუტოც იმყოფებიან.







