სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში იგივე ბანძუკეში უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ადგილი სამივე ქართველმა სეკიტორმა შეინარჩუნა. სხვა საქმეა, რომ გასულ ბაშოზე წარუმატებელი ასპარეზობის გამო, ტოჩინოშინიმა და კოკაიმ უკუსვლა განიცადეს, გაგამარუმ კი კარიერის უმაღლეს საფეხურს უწია.
თავდაპირველად, სწორედ დაწინაურებულზე მოგახსენებთ. 23 წლის გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კუნძულ კიუშიუზე გამართულ ნოემბრის ბაშოზე დასკვნითი 9 შერკინებიდან რვაში იმარჯვა და ასპარეზობა 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა. აღნიშნულის წყალობით, ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდება დასავლეთის მე-6 მაეგაშირობაზე გაცვალა.
პირველად კარიერის განმავლობაში, ორი თანამემამულის ზურგსუკან აღმოჩნდა ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია იგივე კოკაი, რომელიც გასულ ტურნირზე ტრავმირებული, ლამის ცალი ხელით ასპარეზობდა. 29 წლის “შავმა ზღვამ” მიმდინარე წლის ბოლო სუპერტურნირზე მხოლოდ 4 გამარჯვება მიითვალა და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირობიდან ერთბაშად მე-15 მაეგაშირობამდე ჩამოქვეითდა. ეს კი იმის მომასწავებელია, რომ მომავალ ბაშოზე წაფორხილების შემთხვევაში, კოკაის ძურიოს დივიზიონში დაქვეითება არ ასცდება.
ქართველთაგან საუკეთესო მდგომარეობა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს აქვს, რომელმაც ნოემბერში ფუკუოკაში კომუსუბის ტიტულით მე-2 ტურნირი ჩაატარა, თუმცა, სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელიც ოთხი უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სკეივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტებს აერთიანებს) ადგილი ვერც ამჯერად შეინარჩუნა.
ტოჩინოშინიმ გასულ ბაშოზე 9 მარცხის ფონზე 6 მოგება მიითვალა, თუმცა, ძალიან სერიოზული ვარდნაც არ განუცდია. გორგაძეს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდება მიენიჭა და კვლავაც ელიტარულ რიკიშებთან (თვით იოკოძუნას ჩათვლით) ჭიდილი მოუწევს, ხოლო წარმატების შემთხვევაში, კომუსუბის წოდების დაბრუნების კარგი შანსი ექნება.
ახალ ბანძუკეში უმაღლეს საფეხურზე “იმპერატორის თასის” 17-გზის მფლობელი იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელიც იაპონიაში 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა და სპეციალური პრიზი “ამომავალი მზის ქვეყნის” პრემიერ-მინიტსტრ ნაოტო კანის ხელიდან მიიღო. ცნობისთვის, 25 წლის მონღოლი მხოლოდ მე-5 სუმოისტია, რომელსაც ასეთი პატივი ერგო. 1970 წელს ტაიჰოს გარჯა დაფასდა, 1988 და 1989-ში – ტოიონოფუძის, 1992-ში ტაკანოჰანა გამოარჩიეს, 2004 და 2005 წლებში კი – ასაშორიუ.
რეიტინგში მე-2 ადგილი 38 წლის იაპონელმა ვეტერანმა კაიომ დაისაკუთრა, რომელსაც ფუკუოკაში ჩინებული გარჯა დაუფასდა. ყველაზე ხნიერმა სეკიტორმა კიუშიუზე 12 გამარჯვება მიითვალა და აღმოსავლეთის ოძეკის ტიტული 2005 წლის რეიტინგის შემდეგ პირველად მიიღო.
ოძეკის წოდება შეინარჩუნეს ესტონელმა ბარუტომ, ბულგარელმა კოტოოშუმა და მონღოლმა ჰარუმაფუჯიმ, თუმცა, ეს უკანასკნელი კადობანში მოხვდა, რაც იმის მომასწავებელია, რომ თუკი 26 წლის მონღოლი იანვარში მინიმუმ 8 გამარჯვებას არ იზეიმებს, ტიტულთან დამშვიდობება მოუწევს.
სეკივაკეობამდე აღზევდნენ ნოემბერში ჰაკუჰოსთვის სენსაციური მარცხის მიმყენებელი 24 წლის კისენოსატო და 26 წლის კოტოშოგიკუ, ხოლო ფუკუოკას ბაშოს მინიმალური მაკე-კოშით (უარყოფითი ბალანსი) დამსრულებელი 23 წლის ტოჩიოძანი და 25 წლის მონღოლი კაკურიუ კომუსუბის წოდებამდე დაქვეითდნენ.
27 წლის ტოიონიშიმას, რომელმაც გასულ ბაშოზე ტიტული მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან დამატებით შერკინებაში დათმო, აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტული ერგო. სხვათა შორის, პირველად მოხდა, რომ 14 შეხვედრის მომგები რიგითი მაეგაშირა სანიაკუში ანუ სეკივაკეს ან კომუსუბის წოდებამდე არ აღაზევეს.
მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს ვაკაკოიუმ, ტოიოჰიბიკიმა და ტოიოძაკურამ, ხოლო ბუშუიამას, 33 წლის კასუგაოსა და ექს-სეკივაკე ჰოკუტორიკის, რომელმაც ფუკუოკას ბაშო კისრის ტრავმის გამო გამოტოვა, საპირისპირო გზის გავლა მოუწევთ ანუ ძურიოში გაირჯებიან.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ 2011 წლის პირველი სუპერტურნირი 9-23 იანვარს სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გაიმართება.
2010 წლის დეკემბრის მაკუუჩის ბანძუკე
| აღმოსავლეთი | წოდება | დასავლეთი |
| ჰაკუჰო | იოკოძუნა | |
| კაიო | ოძეკი | ბარუტო |
| კოტოოშუ | ოძეკი | ჰარუმაფუჯი |
| კისენოსატო | სეკივაკე | კოტოშიგიკუ |
| ტოჩიოძანი | კომუსუბი | კაკურიუ |
| ტოიონოშიმა | 1-ლი მაეგაშირა | ამინიშიკი |
| ტოჩინოშინი | მე-2 მაეგაშირა | იოშიკაძე |
| არანი | მე-3 მაეგაშირა | ტამავაში |
| ჰომაშო | მე-4 მაეგაშირა | ტოკუსეგავა |
| გოეიდო | მე-5 მაეგაშირა | ასასეკირიუ |
| კიოკუტენჰო | მე-6 მაეგაშირა | გაგამარუ |
| ტაკეკაძე | მე-7 მაეგაშირა | ტოსაიუტაკა |
| კიტატაიკი | მე-8 მაეგაშირა | ტოკიტენკუ |
| ტაკამისაკარი | მე-9 მაეგაშირა | ვაკანოსატო |
| მიაბიამა | მე-10 მაეგაშირა | ჰაკუბა |
| შოტენრო | მე-11 მაეგაშირა | შიმოტორი |
| კორიუ | მე-12 მაეგაშირა | მოკონამი |
| ოკინოუმი | მე-13 მაეგაშირა | კოტოკასუგა |
| ვაკაკოიუ | მე-14 მაეგაშირა | კიმურაიამა |
| კოკაი | მე-15 მაეგაშირა | ტოიოჰიბიკი |
| სოკოკურაი | მე-16 მაეგაშირა | ტოჩინონადა |
| ტოიოძაკურა | მე-17 მაეგაშირა |







