სხვა

16:31 | 17.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ ძურიოს სათავეში ჩაუდგა

22 წლის ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის ბაშოზე ძურიოს დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გაგამარუმ მე-8 ბრძოლაში მე-7 გამარჯვება იზეიმა და ტურნირის მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
ტოკიოში მე-13 ნომრით მოასპარეზე გაგამარუს მორიგი მსხვერპლი იაპონელი კასუგანიშიკი (მე-9 განთესვა) გახდა. ჯუღელმა 34 წლის მეტოქე დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა. ქართველის გალიდერება კონკურენტთა წაფორხილებამაც განაპირობა.
ძურიოს მე-2 ნომერი ოკინოუმი ერთი დღით მაკუუჩიში დააწინაურეს, თუმცა, იგი მე-14 მაეგაშირა ივაკიამას ვერ გაუმკლავდა, საკაიზავა (მე-12) კი მასაცუკასასთან (მე-6) დამარცხდა.
ოკუნოუმი, საკაიზავა, მასაცუკასა, კიოკუნანკაი და სოკოკურაი გაგამარუს ერთი მოგებით ჩამორჩებიან. ჯუღელის მორიგი მოწინააღმდეგე იაპონელი ჩიოჰაკუჰო (მე-7) იქნება, რომელსაც ზურგს ძურიოს ჩემპიონობა უმაგრებს, მაკუუჩი დივიზიონში კი ასამდე ბრძოლა აქვს ჩატარებული.
ელიტარულ ლიგაში მე-6 მარცხი განიცადა დასავლეთის პირველმა მაეგაშირა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი. 22 წლის ქართველმა, რომელიც მარჯვენა მხრის ტრავმით ასპარეზობს, ტატიაი-ჰენკას განხორციელება გადაწყვიტა და 23 წლის გოეიდოს სასტარტო მოძრაობას მარცხნივ გაექცა, თუმცა, მეტოქე მას ჩანაფიქრს მიუხვდა.
იაპონელმა მე-2 მაეგაშირამ ტოჩინოშინი მარჯვენა ფეხით დაიჭირა, შემდეგ იერიში ქართველის კორპუსზე გადაიტანა და ჩვენებური იორიკირით დაამარცხა. გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე კომუსუბი კოტოშოგიკუ იქნება, რომელსაც 8-დან 3 ბრძოლა აქვს მოგებული. შარშან ქართველი და იაპონელი ერთმანეთს ორჯერ გადაეყარნენ და თითო გამარჯვება მიითვალეს.
თუკი ქართველ სეკიტორს დადებითი ბალანსის ანუ კაჩიკოშის გაფორმება სურს, დარჩენილი 7 შერკინებიდან 6-ში უნდა იმარჯვოს, რაც ძალიან ძნელი იქნება.
მიუხედავად გამარჯვებისა, რთული მისია აქვს შესასრულებელი ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას იგივე კოკაისაც. აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა საშინელ ფორმაში მყოფი იაპონელი მე-6 მაეგაშირა ბუშუიამა (ერთადერთი გამარჯვება ტოკიოში) იორიკირით დაამარცა და 8 დღის თავზე მე-3 მოგება მიითვალა.
კაჩიკოშისთვის კოკაის მომავალი 7 ბრძოლიდან 5-ის მოგება მართებს. 28 წლის ცაგურიას შემდეგი შერკინება მონღოლ მე-5 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან ელის, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი გააჩნია.
ტოკიოს ბაშოს 8 ტურის შემდეგ წლის პირველ სუპერტურნირს ერთბაშად ხუთი ლიდერი ჰყავს, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. თუკი იოკოძუნების – ჰაკუჰოსა და ასაშორიუს, ოძეკი კოტოოშუსა და სეკივაკე ბარუტოს ჩინებული ასპარეზობაში გასაკვირი არაფერია, ნამდვილად მოულოდნელია იაპონელი კიტატაიკის მიღწევები.
29 წლის ტოკიოელი მშობლიურ ტურნირს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, თუმცა, ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერით, 8-დან 7 ბრძოლაში გამარჯვება მოახერხა.
ბაშოს მე-9 დღეს ცენტრალური კოტოოშუსა და ბარუტოს შერკინება იქნება.

 
დათო მანჯავიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175069