წლის პირველ სუპერტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა მე-9 გამარჯვება იზეიმა და ტურნირის მოგების უმთავრეს პრეტენდენტად რჩება.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის ბაშოს, 22 წლის ქართველი ძურიოს მე-13 ნომრის სტატუსით შეხვდა, თუმცა, უკვე ცხადია, რომ მას სერიოზული წინსვლა ელის.
გაგამარუს მორიგი მსხვერპლი მე-5 რეიტინგის მქონე იაპონელი ტოსანოუმი გახდა. ქართველმა სეკიტორმა 37 წლის ექს-სეკივაკე დოჰიოდან ოშიდაშით განდევნა და ორადორი მარცხის წილ მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
ჯუღელის უახლოეს კონკურენტებს საკაიზავასა და კიოკუნანკაის ერთით ნაკლები მოგება აქვთ. გაგამარუს მორიგი მეტოქე 25 წლის იაპონელი ვაკაკოიუ იქნება, რომელსაც 11 დღის თავზე 6 გამარჯვება გააჩნია. გასული წლის ნოემბერში იაპონელისა და ქართველის პირველი შერკინება მასპინძლის გამარჯვებით დასრულდა.
ძურიოსგან განსხვავებით, სახიერო არაფერი ისმის ელიტარული მაკუუჩი დივიზიონიდან, სადაც ტოჩინოშინიდ წოდებულმა ლევან გორგაძემ უარყოფითი ბალანსი (მაკეკოში) უკვე გაიფორმა, კოკაის შიკონათი ცნობილი ლევან ცაგურია კი არასასურველ მაჩვენებელს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მონღოლმა კომუსუბი კაკურიუმ ტოჩინოშინის იორიკირით აჯობა და 22 წლის ქართველ სუმოისტს მე-9 მარცხი აგემა. დასავლეთის პირველი მაეაგაშირას წოდების მქონე გორგაძეს მარჯვენა მხრის ტრავმა აწუხებს და დიდი შანსია, ბაშოს ბოლომდე საკუთარ მონაგარს (2 მოგება) ვერაფერი შემატოს.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე 1-ლი მაეგაშირა ტოიონოშიმა იქნება. შარშან, გორგაძე იაპონელს სამჯერ გადაეყარა და სამჯერვე დოჰიო გამარჯვებულმა დატოვა.
4 მოგების წილ მე-7 მარცხი განიცადა 29 წლის კოკაიმ. ქართული სუმოს პიონერმა 171-კილოგრამიანი იაპონელი ივაკიამას მიძალებას ვერ გაუძლო და იორიკირის შემდეგ, ფეხი დოჰიოს ზღვარს (ტავარა) მიღმა გადადგა.
დადებითი ბალანსის ანუ კაჩიკოშის გასაფორმებლად, კოკაის დარჩენილი ოთხივე ბრძოლის მოგება სჭირდება. ქართველი სკეიტორი ურთულესი მისიის შესრულებას ტამანოშიმასთან შეხვედრით დაიწყებს. გასული წლის მარტში ქართველმა 32 წლის იაპონელთან შიტატეჰინერით წააგო, ნოემბერში კი მას ცუკიოტოშით აჯობა და რევანშის აღება შეძლო.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ 24 იანვარს “იმპერატორის თასის” მფლობელი მონღოლ იოკოძუნათაგან ერთ-ერთი – ასაშორიუ ან ჰაკუჰო გახდება. სუმოს აღიარებულ ლიდერებს ზურგს 10-10 გამარჯვება უმაგრებთ და უახლოეს კონკურენტებს – ოძეკებს კოტოოშუსა და ჰარუმაფუჯის, სეკივაკე ბარუტოსა და რიგით მაეგაშირებს ამინიშიკის, არანს, ტოსაიუტაკას, ჰაკუბასა და ტოიოჰიბიკის ორი მოგებით უსწრებენ.







