ჭადრაკი

15:07 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილის პირველი მარცხი

ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში 65 წელს გადაცილებულ ქალთა ტურნირში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2304) შავი ფიგურებით რუს ირინა კაბანოვასთან (1941) წააგო, თუმცა, ლიდერთა შორის ადგილი მაინც შეინარჩუნა.

საქმე ის გახლავთ, რომ მარცხი შეემთხვა რუს ვალენტინა კოზლოვსკაიასაც (2169), რომელსაც მანამდე ასევე მაქსიმალური შედეგი ჰქონდა, ამჯერად კი, თეთრებით ისრაელის წარმომადგენელ ლიუდმილა ციფანსკაიასთან (2102) წაიფორხილა.

შედეგად, კაბანოვას, ციფანსკაიას, კოზლოვსკაიას და გაფრინდაშვილს 3-3 ქულა მოუგროვდათ და დამატებითი მაჩვენებლებით ასევე არიან განლაგებულნი. 1.5 ქულით ათ მონაწილეს შორის მე-7 ადგილი უკავია თამარ ხმიადაშვილს (2083), რომელმაც ტურნირზე პირველი გამარჯვება რუს ტამარა ზაიცევასთან (2099) იზეიმა.

50 და მეტი წლის ქალბატონთა ევროპირველობაზე 2.5 ქულით მე-3 პოზიციაზეა ციალა ქასოშვილი (2112), რომელიც ამჯერად შავებით ესტონელ ტატიანა ფომინას (2188) დაუზავდა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს 3.5 ქულა მოუგროვდა და პირველ ადგილზეა.

1.0 ქულით ბოლო მე-10 პოზიციაზეა ნინო გურიელი (2329), არადა, მას მონაწილეთა შორის პირველი რეიტინგი აქვს. მე-4 ტურში გურიელმა თეთრი ფიგურებით რუს ტატიანა ბოგუმილთან (2118) წააგო.

ლიდერთა შორის იმყოფება ევროპის ჩემპიონატის ერთადერთი ქართველი მამაკაცი მონაწილე ზურაბ სტურუა (2524), რომელსაც 50+ ტურნირში უმაღლესი რეიტინგი გააჩნია. მე-4 ტურში სტურუამ შავებით რუსი ბორის ბებჩუკი (2162) დაამარცხა და კიდევ სამი მონაწილის დარად 3.5 ქულა მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით სტურუა მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობაზე კლასიკური პარტიები 17 მარტამდე გასტანს, 18-20 მარტს რაპიდში შეჯიბრი გახლავთ დაგეგმილი, 21-ში კი ბლიცია დანიშნული.

0.117644