ჭადრაკი

13:52 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილი ევროპის პირველობას ლიდერობს

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2304) პორტუგალიის ქალაქ პორტოში მიმდინარე ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ტურის პარტიაშიც იმარჯვა.

65 და მეტი ასაკის ქალბატონთა შეჯიბრზე, გაფრინდაშვილმა შავი ფიგურებით ისრაელის წარმომადგენელი ვალერია დოტანი (1959) დაამარცხა და ტურნირს სათავეში რუს ვალენტინა კოზლოვსკაიასთან (2169) ერთად ჩაუდგა. 0.5 ქულით ათ მონაწილეს შორის მე-8 ადგილი უკავია საერთაშორისო დიდოსტატ თამარ ხმიადაშვილს (2083), რომელიც ამჯერად ლიუდმილა ციფანსკაიას (ისრაელი, 2102) დაუზავდა.

+50-წლიანთა ტურნირში თითო-თითო ქულა აქვთ ციალა ქასოშვილს (2112) და ნინო გურიელს (2329), რომელთაც შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილები უკავიათ. მე-2 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ყაიმი დააფიქსირეს.

ევროპის ჩემპიოპნატზე კაცთა ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე ზურაბ სტურუა (2524) გახლავთ, რომელიც +50-წლიანთა შეჯიბრზე პირველ ნომრად გახლავთ განთესილი.

გასულ ტურში სტურუა შავი ფიგურებით ებრაელ ბორის მარიასინს (2330) დაუზავდა და 1.5 ქულით 36 მოჭადრაკეს შორის მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკური პარტიები 17 მარტამდე გასტანს, 18-20 მარტს რაპიდში შეჯიბრი გახლავთ დაგეგმილი, 21-ში კი ბლიცია დანიშნული.

0.122461