ლამისაა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საკალათბურთო სუპერლიგის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები გულშემატკივრებს მოვუწოდებთ სპორტის სასახლეში მისვლისა და აქტიური ქომაგობისკენ. ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით ვაკეთებთ – საქართველოს ჩემპიონატი, მასში მონაწილე გუნდები და ცალკეული მოთამაშეები ობიექტურად მეტ ყურადღებას იმსახურებენ ფანებისგან, გულშემატკივართა და კალათბურთელთა ერთობა კი მთლიანობაში სასიკეთოდ ჩვენ კალათბურთს წაადგება, ამასთან, სპორტის მოყვარულ მაყურებელთა სოლიდურმა ნაწილმა მიმდინარე ჩემპიონატის რამდენიმე ისეთი ორთაბრძოლა გამოტოვა, ნებისმიერი გემოვნების ქომაგს ემოციურად დამუხტავდა და ესთეტიკურ სიამოვნებასაც მიანიჭებდა.
ერთი ასეთი მატჩი დღეს თბილისის სპორტის სასახლეში “არმიისა” და “ქუთაისის” მონაწილეობით ჩატარდა. გუშინ რიონისპირელებმა ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა დათმეს, ამიტომაც ამჯერად წაგება მათთვის დიდწილად მთლიანი დაპირისპირების მარცხის ტოლფასი გახდებოდა.
რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, მალხაზ კოხრეიძის გუნდმა მობილიზება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც არასპორტული საქციელისთვის მსაჯებმა მოედანი ქუთაისელთა წამყვან გამთამაშებელ ზაურ ფაშაევს დაატოვებინეს. ძნელი სათქმელია, რამდენად დაიმსახურა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა დისკვალიფიკაცია, არც მსაჯების კომპეტენციაში შეჭრას ვაპირებთ, მით უმეტეს, საკალათბურთო თემიდის წარმომადგენლებს ჩვენგან განსხვავებით კარგად ესმოდათ, რა სიტყვებით გააპროტესტა ფაშაევმა მასზე დაკისრებული ტექნიკური ჯარიმა...
ასეა თუ ისე, მესამე პერიოდის დასრულებამდე 8 წუთითა და 20 წამით ადრე მასპინძლები 54:42-ს იგებდნენ, ქუთაისელები კი ძირითადი გამთამაშებლის გარეშე დარჩნენ. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ სტუმრები მატჩის გაგრძელებას დაჰყაბულდნენ და შეხვედრაში გარდატეხის მომენტიც დადგა. თუკი აქამდე “ქუთაისი” უყურადღებოდ თამაშობდა და მარტივ სიტუაციებში შეცდომებს უშვებდა, მატჩის ბოლომდე სრული მობილიზებით იასპარეზა და სერიის ანგარიშიც გაათანაბრა.
...თამაშის განახლებისთანავე რევაზ დიდიამ ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანიც მოაყოლა, ლევან ცეკვავამ კი სამიანი ზუსტად გაისროლა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა (54:50). დაძაბული თამაში ლამის ბოლომდე გაგრძელდა, კვანძი კი მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაიხსნა. გიგი ბარბაქაძემ ხელსაყრელი პოზიცია სათანადოდ ვერ გამოიყენა, შემდეგი შეტევა კი ლაშა ფარღალავამ სამქულიანით დაასრულა და ანგარიში 66:68 გახდა. მომდევნო რამდენიმე მცდელობა ორივე გუნდს უშედეგო გამოუვიდა, ორწუთნახევრით ადრე კი ლევან გრძელიძემ და დიდიამ მიჯრით 2 სამიანი ჩაასრიალეს არმიელთა კალათაში და ცხადი გახდა, ქუთაისელები მოგებას ხელიდან რომ არ გაუშვებდნენ. ისინი 74:66 დაწინაურდნენ, ტაბლოზე კი დასკვნითი პერიოდის ამოწურვამდე 2 წუთიღა რჩებოდა. ეს დრო რვაქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად საკმარისია, მაგრამ მეტოქეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ცხადი გახდა, “ქუთაისი” მოგებას ხელიდან რომ არ გაუშვებდა...
მატჩის მიმოხილვის სათაური შემთხვევით არ აგვირჩევია. თუკი “ფაშაევის ეპიზოდამდე” ანგარიში 54:42 იყო “არმიის” სასარგებლოდ, მატჩის განახლების შემდეგ დარჩენილი მონაკვეთი “ქუთაისმა” 38:12 (!) მოიგო და მერამდენედ დაამტკიცა, მებრძოლის სულისკვეთების კოლექტივი რომაა.
არმიელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ფარღალავას თამაშია. მან 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 30 ქულას, 4 მოხსნასა და 5 ჩაჭრას მოუყარა თავი. პარტნიორთაგან ლაშას მხარი მეტნაკლებად სათანადოდ მხოლოდ ბექა წივწივაძემ და გიორგი შარაბიძემ აუბეს, ქუთაისელთაგან კი თავი ცეკვავამ, უმცროსმა ბარბაქაძემ და აკაკი დვალიშვილმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა 15 ქულით და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ამასთან, 5 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. “სოხუმთან” მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩის შემდეგ ქუთაისელთა 20 წლის უკანახაზელის გრძელიძის საჭირო მომენტში შესრულებული 2 სამქულიანი ვახსენეთ. ამჯერადაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლევანს გადამწყვეტ მომენტებში “ხელი არ აჰკანკალებია” და ზემოთხსენებულ პარტნიორებთან ერთად საქებარ სიტყვებს იმსახურებს.
ნახევარფინალური სერიის მომდევნო 2 შეხვედრა ქუთაისში - 13 და 14 მაისს გაიმართება.







