ფეხბურთი

20:47 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი სიტყვა კორიფაძემ და ლობჯანიძემ თქვეს

 

ორივე გუნდს სხვადასხვა მიზეზით აკლდა წამყვანი ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი ეს “დილაზე” ითქმის. გია გიგატაძის გუნდს არ ჰყავდა ოთარ ხიზანეიშვილი, დავით ბოლქვაძე, მამუკა კობახიძე, გიორგი ბერიაშვილი, გოჩა ხოჯავა, ლუკა რაზმაძე, გულვერდ თომაშვილი. ამის მიუხედავად, გორელებს თავისუფლად შეეძლოთ ქულის აღება – მთლიანობაში თუ ავიღებთ, ბურთს უფრო ხშირად “დილა” ფლობდა, თუმცა საბოლოოდ, ვიტელებმა იმარჯვეს და გამარჯვების გოლი მასპინძელთა მართლაც ნიჭიერმა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა.  

პირველ ტაიმში ტემპი არცთუ დაბალი იყო, თუმცა ბურთი მეტწილად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და პირველი ხიფათი მხოლოდ მე-20 წუთზე შეიქმნა, როცა აკაკი წყაროზიამ კარგად ითამაშა, თითქმის პირისპირ გაიყვანა ბადრი დემეტრაშვილი და ვიტელთა ახალგაზრდა შემტევს არც დარტყმა გამოუვიდა და არც პასი. მეკარე ბექა შეყრილაძე იოლად დაეუფლა ბურთს.

დაახლოებით ტაიმის შუაწელიდან “დილა” უფრო მწვავედ ათამაშდა, თუმცა ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: 32-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ კარგად შეასრულა საჯარიმო დარტყმა – 1:0. ორიოდე წუთში კორიფაძემ კუთხური ჩააწოდა და ლაშა ღონღაძემ თავით ოდნავ ააცილა, ხოლო საპასუხოდ ალექსანდრე კოშკაძის შორეულ დარტყმულს გაუმკლავდა ჯონი შეროზია.

მეორე ტაიმი უფრო სწრაფ ტემპში დაიწყო. გორელთა თამაში შეცვლაზე შესულმა ფლანგელმა ნახევარმცველებმა, გიორგი ბერიძემ და კობა შალამბერიძემ გაამწვავეს. ბერიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია და პორტუგალიურ ტურნირზე რუსებს ლამაზი გოლი გაუტანა. ამ მატჩშიც გამოჩნდა, რომ საკმაო პოტენციალი აქვს.

საჯარიმოდან გაშვებულს, “დილამ” საჯარიმოდან გატანილით უპასუხა: 55-ე წუთზე ილია ლომიძემ ძლიერად დაარტყა, დაბალი ტრაექტორიის ბურთი ცოცხალ კედელში გაძვრა და 1:1.

თამაში გათანაბრდა და “დილას” მწვავე შეტევები ვეღარ გამოსდიოდა. “ვიტ ჯორჯიამ” უფრო გააძლიერა შეტევები და ერთ-ერთ მომენტში გიორგი მჭედლიშვილის გარღვევასა და პასს გახარიას არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.   

მე-80 წუთზე “დილა” კორიფაძის საჯარიმოს შემდეგ გადარჩა (ოდნავ ასცდა), მაგრამ ექვს წუთში კორიფაძემ საგოლე პასი მიითვალა: მარცხნიდან ჩააწოდა და ლობჯანიძემ თავურით ზუსტად დაარტყა – 2:1.

“ვიტ ჯორჯია” ქვედა ექვსეულში ლიდერია. უმაღლეს ლიგაში დარჩენა “დილასაც” გარანტირებული აქვს, თუმცა წაგებით კმაყოფილნი ნამდვილად ვერ იქნებიან...     

 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)

2.05. 16:00. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 200 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, ლაშა ღონღაძე, მჭედლიშვილი, წყაროზია (ხვისტანი 76), დავლაშელიძე (ღიბრაძე 42), გახარია (კურდღელაშვილი 69), დემეტრაშვილი, კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე  

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

დილა: შეყრილაძე, ლომიძე, კვახაძე, ორბელაძე, გაფრინდაშვილი, გურეშიძე, კოშკაძე, კორღალიძე (წიქარიძე 75), ჯიშკარიანი (ბერიძე 46), ახალკაცი (შალამბერიძე 46), ქვილითაია

მწვრთნელი: გია გიგატაძე

გოლები: 1:0 კორიფაძე (32), 1:1 ლომიძე (55), 2:1 ლობჯანიძე (86)

გაფრთხილება: ჯიშკარიანი (22), გურეშიძე (57), ორბელაძე (66), შალამბერიძე (80), წიქარიძე (80), გეთიაშვილი (89).

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

 

1.         ვიტ ჯორჯია                              29             12               6                11               38:38             42     
2. ტორპედო  29 12 6 11 33:40 42
3. დილა   29 10 8 11 40:33 38
4. სპარტაკი  28 9 4 15 28:36 31
5. ზუგდიდი 29 7 6 16 21:42 27
6. მერანი 28 6 4 18 21:52 22

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”)

6 – გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;         

0.268671