კალათბურთი

19:17 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი მატჩი რუსთავში ჩატარდება

 

18 წლამდელთა შორის კალათბურთში საქართველოს ჩემპიონს რუსთავში 27 მაისს ადგილობრივ გუნდსა და „ჰიუნდაის“ შორის ჩასატარებელი შეხვედრა გამოავლენს. ქვემოქართლელებმა შინ ფინალური სერიის პირველი მატჩი დათმეს, მაგრამ დღეს თბილისის სპორტის სასახლეში 63:52 ანგარიშით რევანში აიღეს და ჩემპიონის გამოსავლენად მესამე ასპარეზობის დანიშვნა გახდა საჭირო.

დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულთაგან თორნიკე ქიტოშვილი (20 ქულა, 5 მოხსნა), გიორგი დვალი (16 ქულა, 3 მოხსნა), შოთ ნარჩომაშვილი (7 ქულა, 20 მოხსნა) და ლევან ურიდია (2 ქულა, 15 მოხსნა) გამოირჩნენ. „ჰიუნდაის“ რაც შეეხება, მის რიგებში საუკეთესონი რუსლან მამფორია (8 ქულა, 15 მოხსნა), ალექსანდრე ბოლქვაძე (14 ქულა, 9 მოხსნა) და და ლუკა ზაქრაძე (12 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ.

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

 ირაკლი მებურიშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): „გუშინ დაძაბული მატჩი წავაგეთ. სათანადო ანალიზი გავაკეთეთ და დღეს უკეთ ვითამაშეთ. სწრაფი თამაში გამოგვივიდა. მეტოქემ ასპარეზობის ბედი თითქოს მოაბრუნა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვიმარჯვეთ“.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი („ჰიუნდაის“ მთავარი მწვრთნელი): „მოწინააღმდეგემ პრაქტიკულად ყველა ასპექტში გვაჯობა“.

თორნიკე ხატიაშვილი („რუსთავი“): „გუშინ შინ დავმარცხდით, შეცდომები გავითვალისწინეთ და დღეს მოვიგეთ. შევეცდებით ხვალაც ვიმარჯვოთ“.

ნიკოლოზ ლომიძე („ჰიუნდაი“): „პირველი თამში ჩვენ გამოგვივიდა, დღევანდელი – მეტოქეს, ხვალ მოსაგებად გავალთ“.

 

 

 

0.115612