სტატიები

17:35 | 6.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

გადადის, მაგრამა, არ გადადის…

 

“ტოტენჰემის” ექსმენეჯერმა ჰარი რედნაპმა ლუკა მოდრიჩის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ თჰე შუნ-ს თავისი გულისნადები გაანდო. “ალბათ, ლუკა სეზონს “ტოტენჰემში” დაიწყებს. ის ფაქტი, რომ კლუბმა ხორვატი სოლიდურ თანხად არ გაყიდა, უცნაურია, - ამბობს რედნაპი, - ჯერ კიდევ შარშან, კლუბის პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ თხოვა მოდრიჩს, ერთი წლით კიდევ დარჩენილიყო და შემდეგ წასულიყო, მაგრამ, გამოდის, პირობა არ შეასრულა”.
ზაფხულის სატრანსფერო დავიდარაბაში, ერთი გამორჩეული ადგილი მოდრიჩის ამბავს უჭირავს. ლუკა მართლაც ძალიან ნიჭიერია, თავის დროზე მას ლეგენდარულ იოჰან კრუიფსაც ადარებდნენ (ნომერიც კი - 14 - “მფრინავი ჰოლანდიელის” აქვს). “ტოტენჰემის” 26 წლის ნახევარმცველი უკვე მეორე წელიწადია, სამუშაო ადგილის შეცვლას ცდილობს – განცხადებებს წერს, ვარჯიშებს აცდენს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება.
“ტოტენჰემმა” მოდრიჩი ჯერ კიდევ ხუანდე რამოსის დროს, ევრო 2008-ის წარმატებულად ჩატარების შემდეგ, 16,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა. შარშან კი, “ჩელსის” 40 მილიონზე უთხრა უარი (არადა, ეს ტრანსფერი, კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნებოდა). მოდრიჩს კლუბთან 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ხელშეკრულება.
“ჩემპიონთა ლიგაში თამაში და გამარჯვება მინდა, მაგრამ ამ მიზანს “ტოტენჰემში” ვერ მივაღწევ”, – უთხრა მოდრიჩმა ესპანურ Mარცა-ს. “ლუკას დონის ფეხბურთელი ისეთ კლუბში უნდა თამაშობდეს, რომელიც დიდ პრიზებს იგებს. “რეალი” მისთვის ზედგამოჭრილია”. – აღნიშნავს ხორვატიის ნაკრების ყოფილი ბომბარდირი, ამჟამად კი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლეგენდარული დავორ შუკერი.
მართლაც ასეა, შარშან მოდრიჩის ხელში ჩაგდებას “ჩელსი” ლამობდა, წლეულს მთავარი მყიდველი მადრიდის “რეალია.” მიწვევის ინიციატორი კი, თავად ჟოზე მოურინიო გახლავთ.
ლუკას წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხორვატმა ჯერ შვებულებიდან გამოსულ “ტოტენჰემთან” ერთად ვარჯიში იუარა. შედეგად, კლუბმა მას ორი კვირის ხელფასი (100 ათასამდე) დაუქვითა. მერე მოდრიჩი გუნდს აშშ-ის შეკრებაზე არ გაჰყვა და ხორვატიაში ისე წავიდა, კლუბის ხელმძღვანელობა არ გაუფრთხილებია. ახალმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა მომხდარს მკაცრი შეფასება მისცა: მოდრიჩი ცუდად მოიქცა. ვითარება დაიძაბა. პრეზიდენტი დანიელ ლევი ძალიან გაბრაზებულიაო.
წინა ორშაბათს, ლუკა გუნდში დაბრუნდა, ბოდიში მოიხადა და ვარჯიშს შეუდგა, თუმცა ჯარიმის გადახდას მაინც ვერ ასცდა. “მე და ლევიმ ვითათბირეთ და მოდრიჩს ვარჯიშის უფლება მივეცით, თუმცა ლევი ამბობს, რომ ხორვატმა კლუბის მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა და აუცილებლად უნდა დაისაჯოს”. – დასძენს ვილაშ-ბოაში.
სხვათა შორის, როცა ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემს” კონტრაქტზე უთანხმდებოდა, თჰე Gუარდიან-ი წერდა: თუ მოდრიჩს მადრიდში გაყიდიან, შესაძლოა, პორტუგალიელმა “ტოტენჰემზე” უარი თქვასო. “დეზების” მწვრთნელად დანიშვნისთანავე კი განაცხადა: “მოდრიჩი უძლიერესი მოთამაშეა. შარშან, როცა “ჩელსიში” ვმუშაობდი, მისი გადაბირება მინდოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. კარგად მესმის მისი ამბიციის - ადამიანს განვითარება და წინსვლა სწყურია, მაგრამ ისიც უნდა ესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, მხარეები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ”.
მართლაც უცნაური ვითარებაა. უფრო სწორად, მოვაჭრენი რაღაცას ბოლომდე არ ამბობენ. ბოლო ინფორმაციით, “რეალი” 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის, პლუს “ხურდაში” ნური შაჰინსა და რიკარდუ კარვალიუს იძლევა. “ტოტენჰემის” მფლობელი ლევი კი, 40 მილიონს პენსსაც არ აკლებს. თანაც, თუ მოდრიჩის ყიდვა ინგლისურ კლუბს მოუნდება, კიდევ 10 მილიონი უნდა დაამატოს. და კიდევ, “ტოტენჰემი” მზადაა, ხორვატს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს და ხელფასი კვირაში 100 ათასამდე გაუზარდოს. ამჟამად მოდრიჩი წელიწადში 3,2 მილიონ ევროს იღებს, მომატების შემთხვევაში ჯამაგირი 6,4 მილიონი გაუხდება. “რეალი” კი ხუთწლიანი ხელშეკრულებით 4,5 მილონს სთავაზობს.
 
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
0.127557