კალათბურთი

14:36 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიჩიძის წინასაარჩევნო ტურნე ფოთით გრძელდება

მიხეილ გაბრიჩიძის წინასაარჩევნო კამპანია დასავლეთ საქართველოში გრძელდება. იმერეთის ფედერაციის შემდეგ, ჯერი ფოთზე მიდგა. ფოთში კალათბურთზე ლეგენდარული ვეტერანი როლანდ გარუჩავა ზრუნავს. მან რამდენიმე მეგობართან ერთად თავად ააშენა სპორტსკოლა, მაშინ, როდესაც არანაირი დახმარება არ იყო მთავრობისგან და ადგილობრივი თვითმმართველობისგან. გარუჩავამ მეგობრები შემოიკრიბა და მიტოვებულ საქვაბეში საკალათბურთო დარბაზი გააკეთა. ფოთში კალათბურთელთა აღზრდა როლანდ გარუჩავას დამსახურებაა. გაბრიჩიძე მას პირადად შეხვდა, მოინახულა სკოლა და აღსაზრდელი, მოწადინებული ბავშვები. პატარები ენთუზიაზმით შეხვდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს და ბურთიც ისროლეს ერთად. შემდეგ გეგმების გაცნობაც შედგა. გარუჩავამ მოისმინა და მოიწონა ისინი. სპორტსკოლის წარმომადგენლობა კანდიდატის გეგმებით კმაყოფილი დარჩა და წარმატებები უსურვა მას.

როლანდ გარუჩავა (ვეტერანი კალათბურთელი, ფოთის სპორტსკოლის პედაგოგი): მეგობრებმა და ახლობლებმა ერთად გავაკეთეთ ეს სკოლა. საერთოდ სკოლის პედაგოგების იდეა იყო, მშობლებიც დაგვეხმარნენ. ჯერ დამთავრებული არ არის, თუმცა ახალი წლისთვის დასრულდება და საახალწლო საჩუქარი იქნება ბავშვებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, პატიოსანი კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს კალათბურთი და ბოლომდე გაიღებს მის შესაძლებლობებს, თუნდაც იმისთვის, რომ ამ ბავშვებს წესიერი პირობები ჰქონდეთ და სამომავლო პერსპექტივებიც დაესახოთ. მიშა ჩემი მეგობარია და ცოტა მიჭირის მასზე საუბარი.

ოთხი ასაკობრივი ჯგუფი გვყავს, 16-წლამდელები, 14-წლამდელები და შემდეგ პატარები, ყველაზე უმცროსები 2007 წლიანები არიან. აღსაზრდელები, ყველაზე უმცროსების გამოკლებით, კვირაში ექვსი დღე ვარჯიშობენ, პატარები - ოთხი. 16-წლამდელები ტურნირებშიც მონაწილეობენ. მათი მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით ერთი მოგებით და ორი წაგებით შემოვიფარგლებით.”

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი): „როლანდ გარუჩავა არაჩვეულებრივი ადამიანია. კალათბურთის ერთგული პიროვნება, რომელმაც ფოთში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის მაქსიმუმი გააკეთა და ალბათ, უფრო მეტს გააკეთებს. შეხედეთ ამ დარბაზს... ეს დარბაზი ამ კაცმა თავისი ხელებით შექმნა, ეს პარკეტი ფოთის პორტში გადასაყრელი ხე-ტყიდან წამოიღო და თვითონ გამოთალა, მიტოვებული საქვაბეც თავად იპოვნა და ყოველგვარი დახმარების გარეშე გააკეთა ეს ყველაფერი. გარუჩავა არ  აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას. როლანდ გარუჩავას იცნობენ, როლანდ გარუჩავა უყვართ და როლანდ გარუჩავა ფოთში შეუცვლელი ადამიანია. ის, პირველ რიგში ქართული კალათბურთის პრესტიჟს უფრთხილდება და მომავალს ზრდის. ჩემთვის ეს სამაგალითოა და ყველანაირად ვეცდები, რომ ამ კაცს, ისევე, როგორც მთლიანად ქალაქს, ყველა ბავშვს, ვინც კალათბურთზე დადის, ამ სპორტის სახეობის სიყვარული და პატივისცემა გავუზარდო. ისინი ამას იმსახურებენ და კალათბურთიც იმსახურებს ამას. ფოთში ჩემი ჩასვლით კმაყოფილი კი არა, ბედნიერი ვარ. ვნახე მეგობარი, რომელიც მიყვარს და რომელსაც ყველაფერში ვენდობი. ფოთში კალათბურთი დაბრუნდება.“

გაბრიჩიძის ტური ბათუმში გრძელდება. სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა აჭარის ფედერაციის წარმომადგენლობასთან სასტუმრო “შერატონში.” ადგილზე შეკრებილი არიან პრეზიდენტობის კანდიდატი, აჭარის ფედერაციის, სპორტსკოლების და კლუბების წარმომადგენლები.

0.124241