ჩოგბურთი

23:23 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაბაშვილს გარიგებულ მატჩში მონაწილეობას ედავებიან

ქართული ფესვების მქონე რუსი ჩოგბურთელი თეიმურაზ გაბაშვილი გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულმა ინფორმაციამ ორგანიზაცია “ფედერბეტიდან” გამოჟონა, რომელიც ევროპული კაზინოების და საბუქმეიქერო კანტორების წარმომადგენლებს აერთიანებს და ე.წ. “ჩაწყობილი” მატჩების გამოვლენაზე მუშაობს.

“ფედერბეტის” ინტერესის სფეროში ჰამბურგის ტურნირის პირველი წრის მატჩი მოექცა, რომელშიც რეიტინგში 64-ე აგილზე მყოფმა გაბაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ესპანელ დანიელ ხიმენო-ტრავერთან (106-ე) 2:6, 3:6 წააგო. აღნიშნულ მატჩზე შესული თანხის ოდენობა მილიონ დოლარს აჭარბებდა.

სულ ეჭვქვეშ 8 თამაშია, რომელთაგან 2 ატპ-ს ეგიდით შედგა, 6 კი “ჩელენჯერებზე” ჩატარდა.

ცხადია, ჩოგბურთელებმა, რომლებიც ამ არასასიამოვნო ამბებში აღმოჩნდნენ გარეულნი, საკუთარი დანაშაული მსწრაფლ გამორიცხეს.

“დასამალი არაფერი მაქვს. “უიმბლდონზე” თავს ცუდად ვგრძნობდი. ეს ბევრმა ადამიანმა იცოდა და როდესაც შემდეგ ჰამბურგის ტურნირზე გადავერთე, ჩემს წაგებაზე დადეს. მაშინ მუხლის ტკივილი მაწუხებდა და თამაშისთვის ხეირიანად ვერც მოვემზადე”, - განაცხადა გაბაშვილმა.

0.117806