ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, მადრიდის “რეალის” 31 წლის მეკარეს იკერ კასილიასს გამოექომაგა.
“კასილიასი ესპანური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა. თუმცა, არავინ არაფერი გააკეთა, რომ მას არცთუ იოლ სიტუაციაში დახმარებოდა. სხვა დიდი ფეხბურთელების მსგავსად, ისიც დასაცავია. კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. მე ხომ არ ვურჩევ სწორი საქციელი რაა. ჩემი აზრით, მაგალითად, ინგლისში პიტერ შილტონი მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდა. კასილიასი იმ მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომელთაც ესპანეთისთვის ყველაფერი გაიღეს და ამიტომ, მასზე უნდა ვიზრუნოთ” – იუწყება დელ ბოსკეს სიტყვებს გამოცემა Football Espana.
კასილიასი ხელის ტრავმის მოშუშების შემდეგ, “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში აღარ დააბრუნეს. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ამჟამად, დიეგო ლოპესი უფრო ძლიერია და კარში სწორედ ის უნდა იდგეს.