ფეხბურთი

23:27 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრე სტუმართა სასარგებლოდ

ზესტაფონში გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გასულ ტურში რუსთავის ,,მეტალურგის’’ განადგურების შემდეგ ვეტერინარებმა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნეს და იმერეთს იმედიანად ესტუმრნენ. რაც შეეხება მასპინძლებს, ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესეს და ამაღლებული განწყობით დაუხვდნენ მეტოქეს.

შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტშივე მათ ზედიზედ ორი რეალური საგოლე შანსი მიეცათ. ორივე სახიფათო მომენტი კუთხურის გათამაშებას მოჰყვა. პირველ შემთხვევაში კორიფაძის მოწოდებულ სტანდარტულზე ნიკა სიჭინავა ურტყამდა თავით ზესტაფონელთა კარში, მაგრამ მასპინძელთა მცველმაც არანაკლებ ოსტატურად ითამაშა და ასევე თავით ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მეორე შემთხვევაშიც გატანა სიჭინავას მართებდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ იგი ბურთს საჯარიმოს წინა ხაზთან დაეუფლა და მეტოქის კარისკენ უძლიერესი დარტყმა განახორციელა. მასპინძლები ძელმა იხსნა.

თამაში ამის შემდეგაც ვეტერინართა კარნახით გაგრძელდა. მომდევნო სახიფათო მომენტი დედაქალაქელებმა მე-9 წუთზე შექმნეს. ისევ კორიფაძის ჩაწოდებულზე ლობჯანიძე ურტყამდა თავით ხელსაყრელი მდგომარეობიდან, თუმცა ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. სამი წუთის შემდეგ კი თბილისელთა ფორვარდი უბრალოდ ვალდებული იყო ანგარიში გაეხსნა. მასპინძელთა მცველების უხეში შეცდომის შემდეგ ლობჯანიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. მას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან რატომღაც კარში დარტყმას კვასხვაძის მოტყუება ამჯობინა, ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა და კარის აღების 100%-იანი შესაძლებლობა გაანიავა.

ამდენი რეალური საგოლე მომენტების გამოუყენებლობა ,,ვეტერინარებს’’ ძვირად დაუჯდათ. დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამჯერადაც ამოქმედდა. მასპინძელთა პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. ზესტაფონელთა გოლი სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. მე-16 წუთზე გურულის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ სხვებზე უკეთ ლომია გაისარჯა. მან მეტოქეებს დაასწრო და თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა. მართალია დაუშვილი ნახტომში მისწვდა ბურთს, მაგრამ მისი ხელებში შემაგრება ვეღარ მოახერხა – 1:0.

ამის შემდეგ უპირატესობამ ფეროელთა მხარეს გადაინაცვლა. ნახევარი საათის მიწურულს მათ ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. ლომიას გადაცემის შემდეგ ქობალია საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმაც განახორციელა, მაგრამ დაუშვილმა სწორი პოზიცია დაიჭირა, ახლო კუთხე ჩაკეტა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

ამ დროს საკმაოდ მოულოდნელი იყო ,,ვეტერინართა’’ მიერ ანგარიშის გაქვითვა. მარჯვენა ფრთიდან კორიფაძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე ყველაზე მარჯვე თავდამსხმელთა დასახმარებლად ჩასული კასრაძე გამოდგა. იგი სხვებზე მაღლა ახტა და ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.

ამის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ქობალიას შორეულ გასროლას, რომელიც დაუშვილმა მოიგერია, ტაიმის ბოლომდე აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა.

შეხვედრის განახლების შემდეგ მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მოედნის ცენტრს მკვიდრად დაეუფლნენ და ბურთსაც უმეტესწილად აკონტროლებდნენ. ანგარიშში დაწინაურების კარგი შესაძლებლობა ჰქონდა გურულს, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან კუტალიას გამჭოლ გადაცემას თავით გამოეხმაურა, თუმცა ბურთს სწორი მიმართულება ვერ შეურჩია და მომენტიც დაიკარგა. თავის გამოჩენის შანსი ქობალიას ნაცვლად შესვლაზე შესულ სამუშიასაც მიეცა. საჯარიმოს რკალიდან მისი დარტყმული ბურთი ჯერ მეკარეს შეეხო, შემდეგ ძელს და მოედნის ფარგლები დატოვა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 82-ე წუთზე კარგად შეასრულა ჯარიმა შარიქაძემ. მისი გამიზნული დარტყმის შემდეგ არანაკლებ სანაქებოდ გაისარჯა დაუშვილიც. იგი ნახტომით კარის ძელთან მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. და მაინც, უკანასკნელ წუთზე მასპინძლებს შეეძლოთ მოედანი გამარჯვებულებს დაეტოვებინათ. აჯურუს ზუსტი გადაცემის შემდეგ ლომია მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ შეტევის დამამთავრებელ ფაზაში უნიათოდ გაისარჯა და კარში დარტყმა ძალიან სუსტად გამოუვიდა.

არბიტრის კომპენსირებულ დროში ზესტაფონლები მთელი გუნდით შეტევაში გადავიდნენ, მაგრამ ,,ვეტერინარებმა’’ თავი მედგრად დაიცვეს და შეხვედრა მათთვის სასურველი შედეგით დაასრულეს.

,,ზესტაფონი” (ზესტაფონი) - ,,ვიტ ჯორჯია” (თბილისი)  1:1 (1:1)
20 ოქტომბერი. ზესტაფონი. ,,დავით აბაშიძე”. 16:00 სთ. 1000 მაყურებელი 

,,ზესტაფონი ”: რ. კვასხვაძე (კ), თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა (გაგოშიძე 10), კანდელაკი, აჯურუ, შარიქაძე, ს. გურული (ენდელაძე 87), კუტალია, ს. ლომია, ქობალია (სამუშია 63);

მთავარი მწვრთნელი:  რატკო დოსტანიჩი

,,ვიტ ჯორჯია ”:  დაუშვილი, მჭედლიშვილი, ადამაძე, კასრაძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, წყაროზია (ღიბრაძე 58), კორიფაძე (პავლიაშვილი 85), ჯანელიძე (კ), სიჭინავა (გეთიაშვილი 70), ლობჯანიძე;

მთავარი მწვრთნელი:  ზურაბ ბერიძე

გოლები: 1:0 ს. ლომია (16), 1:1 კასრაძე (38);

გაფრთხილება:  კასრაძე (22), კუტალია (52), დაუშვილი (52), ქობალია (58), ჯავაშვილი (74), ღიბრაძე (76);

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

 

მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 6:1 (4:1)

გოლები: 1:0 ლევან კაკუბავა (4), 2:0 რევაზ გეწაძე (9), 3:0 გოგი ფიფია (15), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (25), 4:1 ლუკა რაზმაძე (28), 5:1 დავით კირკიტაძე (89), 6:1 დავით საჯაია (90)

გაძევება: მიხეილ მახვილაძე (16, “მეტალურგი”); კიჭი მელიავა (38, “მერანი”)

 

დილა (გორი) – ზუგდიდი 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (33), 1:1 ზვიად სიხარულია (77)

გაძევება: რომეო კანკია (65, “ზუგდიდი”) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვილი ისიანი (61) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)  1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ირაკლი სამხარაძე (25), 1:1 ნიკა საბანაძე (40)

 

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 6:1 (1:1)

გოლები: 1:0 ჩისკო (1), 1:1 კვარაცხელია (ს.კ. 14), 2:1 ჩისკო (34), 3:1 დვალი (56), 4:1 ჩისკო (60), 5:1 ძარია (61), 6:1 დვალი (76).

  

1    დინამო (თბილისი)                                          9          7           1           1           25:8         22    
2 ტორპედო          9 5 4 0 14:5 19
3 ჩიხურა              9 5 1 3 19:17 
16
4 გურია          9 5 0 4 9:9 15
5 მეტალურგი     9 4 2 3 15:15 14
6 ვიტ ჯორჯია            9 3 3 3 14:12 12
7 დილა              9 3 3 3 11:11 12
8 მერანი                   9 4 0 5 12:20 12
9 ზესტაფონი         9 3 2 4 10:8 11
10 სიონი   9 2 3 4 11:14 9
11 ზუგდიდი         9 1 3 5 4:14 6
12 სპარტაკი   9 1 0 8 4:14  3

 

მეგოლეები:

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”)

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

ვახტანგ დათიაშვილი ზესტაფონიდან

 

0.119281