ფეხბურთი

11:21 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანსისკო ხენტო: “2002 წლიდან “რეალის” ევროსარბიელზე გაბრწყინებაზე ვოცნებობ”

 ალფრედო დი სტეფანო და ფერენც პუშკაში მადრიდის “რეალის” გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ლეგენდარული გუნდის უპირველეს კაშკაშა ვარსკვლავებად ითვლებიან, თუმცა, იმ პერიოდის “სამეფო კლუბში” სხვა დიდოსტატებიც უხვად ასპარეზობდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ფრანსისკო ხენტოს უკავია. მადრიდელთა მარცხენა გარემარბი 1953-71 წლებში იცავდა კასტილიური გრანდის ღირსებას და სანტიაგო ბერნაბეუელთა უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. ხენტოს სარეკორდოდ, 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი აქვს მოგებული, 12-ჯერ კი ესპანეთის უპირველესი საკლუბო გათამაშების, ლა ლიგას გამარჯვებული გახდა. პაკო (“რეალის” გულშემატკივართა შერქმეული თიკუნი) მადრიდელ ქომაგთა შორის დღემდე მეტად ავტორიტეტულ პიროვნებად რჩება, პოპულარულ გამოცემა “ასისთვის” მიცემულ ხენტოს ინტერვიუს კი ფეხბურთის ქართველი მოყვარულებიც ინტერესით გაეცნობიან.

 - თქვენი აზრით, მადრიდის “რეალს” პრიმერაზე დივიზიონში ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს?

- “ბლანკოსის” რიგებში უნიკალური ფეხბურთელები და ახალგაზრდა, უნიჭიერესი მოთამაშეები ირიცხებიან. “რეალს” სადღეისოდ უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, ხოლო როდესაც ახალგაზრდებიც საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან და მომწიფდებიან, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მომძლავრდება.

- 100 მილიონად გარეთ ბეილის ყიდვა გამართლებულ ნაბიჯად მიგაჩნიათ?

- ბეილი უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავია და ეჭვიც არ მეპარება, უელსელი “რეალის” ისტორიაში წარმატებულ ფეხბურთელად შევა. ბეილის საფეხბურთო თვისებებს რაც შეეხება, იგი ფიზიკურად მეტად ძლიერია, სწრაფია, ზუსტი და ძლიერი დარტყმით გამოირჩევა და ბევრი გოლიც გააქვს. გარეთის შეძენით კლუბმა სწორი ნაბიჯი გადადგა.

- ცოტა ხნის წინათ “რეალის” ხელმძღვანელობამ ანხელ დი მარიასა და მესუტ იოზილს შორის გააკეთა არჩევანი. არგენტინელი გუნდში დარჩა, გერმანელი კი ლონდონის “არსენალში” გაუშვა. როგორ გგონიათ, ორივეს ერთად თამაში შეუძლებელი იყო?

- დი მარიაცა და იოზილიც ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ შეუძლებელია ერთ გუნდში ერთდროულად დიდი რაოდენობის მოთამაშეს ეძლეოდეს თავის გამოჩენის საშუალება. უმჯობესია სათანადო თანხის მიღების შემთხვევაში გუნდი რომელიმე მათგანს შეელიოს. ეს უკეთესია, ვიდრე ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით იბოღმებოდეს. დი მარია მაღალი კლასის პროფესიონალია. მას “რეალისთვის” სარგებლობის მოტანა ფორვარდისა და ნახევარმცველის რანგში შეუძლია. არგენტინელი მეტად ენერგიული და შრომისმოყვარე მოთამაშეა. ერთი სიტყვით, ანხელს დიდოსტატისთვის საჭირო ყველა საფეხბურთო თვისება აქვს.

- “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი მაყურებელი ხშირად უსტვენს კარიმ ბენზემას. თქვენი აზრით, ფრანგმა თავდამსხმელმა მისადმი გამოვლენილი ნდობის კრედიტი უკვე ამოწურა თუ მას მოთმინებისკენ მოუწოდებთ?

- ბენზემა მაღალი კლასის ტექნიკური მოთამაშეა, მაგრამ მის ასპარეზობას ჟინი აკლია. თუკი კარიმს თამაშისადმი დაუოკებელი ლტოლვა გაუჩნდება, გაცილებით უკეთ ასპარეზობას შეძლებს.

- მადრიდის “რეალის” სადღეისო სათამაშო პრინციპები თქვენთვის მისაღებია?

- “რეალი” ყოველთვის ამგვარად თამაშობდა. “ტიკი-ტაკასგან” განსხვავებით ჩვენი სათამაშო მანერა სწრაფ კონტრშეტევას ეფუძნებოდა, რომლის დროსაც იერიშს წინა ხაზის ნებისმიერი ფეხბურთელი შედეგიანად ასრულებდა.

- კარლო ანჩელოტის “რეალის” მთავარმწვრთნელობის შესაფერის სპეციალისტად თვლით?

- იტალიელი დიდი ხანია არაა რაც გუნდს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ ანჩელოტიმ უკვე მოახერხა კორექტული, ადეკვატური ადამიანი შთაბეჭდილების დატოვება. მან კარგად იცის, როგორ მიუდგეს და მოექცეს მაღალი რანგის პროფესიონალ ფეხბურთელებს. სხვებისგან განსხვავებით, სინიორ კარლო კონფლიქტურ სიტუაციებს არ აღვივებს და უცნაურ ფრაზეოლოგიასაც არ მიმართავს. სადღეისოდ “რეალში” წყნარი, სამუშაო ატმოსფეროა. ერთი სიტყვით, ანჩელოტის სტილი მომწონს.

- რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ანჩელოტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პრიმერა დივიზიონის მატჩებში “რეალის” კარს დიეგო ლოპესი დაიცავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების დროს იკერ კასილასი ითამაშებს?

- წმინდა სამწვრთნელო საქმეში არასდროს ჩავერევი. დამრიგებელი უკეთაა ჩახედული გუნდში მიმდინარე პროცესებში. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ლოპესიცა და კასილასიც ბრწყინვალე გოლკიპერები არიან, ორივენი მადრიდის “რეალის” აღზრდილებია, დანარჩენი კი მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- ამბობენ, იკერ კასილასი თქვენი საყვარელი ფეხბურთელია...

- იკერი ჩემი მეგობარია. იგი შესანიშნავი მეკარე და ბრწყინვალე ადამიანია.

- როგორც “რეალის” გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა, თქვენც დესიმაზე ოცნებობთ?

- მოდით გულახდილები ვიყოთ – მადრიდის “რეალისთვის” მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ლა ლიგის ძლიერებასა და ეროვნული ტიტულის მოპოვების პრესტუჟულობაზე, 2002 წლიდან მოყოლებული ყველანი “რეალის” ევროსარბიელზე გაბრწყინებაზე ვოცნებობთ.

0.143575