ფეხბურთი

11:42 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის ”კოლხეთში” ცვლილებებია

 

უძველეს ქართულს კლუბს ფოთის ”კოლხეთს”, რომელმაც ახლახან 100 წლის იუბილე აღნიშნა, პირველ ლიგაში უწევს ასპარეზობა. დასანანია, რომ ”ქართული ფეხბურთის აკვანი” ასეთ დღეშია. გუნდის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფინანსური პრობლემები იყო. არადა, საპორტო ქალაქს, სადაც მილიონობით ლარი ტრიალებს, საკუთარი გუნდის შენახვა არ შეეძლოს, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა...

”კოლხეთს” ეროვნულ ჩემპიონატში ცუდი სტარტი ჰქონდა და მიზეზი მარტო ფინანსური პრობლემა არ ყოფილა, იმის გამო, რომ “ფაზისის” სტადიონი რეკონსტრუქციას და მინდვრის საფარის გამოცვლას საჭიროებდა, გუნდს საშინაო მატჩების გამართვაც ნეიტრალურ მოედანზე უწევდა. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ დღეს ”კოლხეთს” პირველ ლიგაში უწევს თამაში.

გუნდში ბევრი ცვლილებები მოხდა, თანამდებობიდან გადააყენეს მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია. რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფილიას თქმით: ფოთის მერმა მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, რადგან გუნდის ძირითად შემადგენლობაში მისი შვილი არ ათამაშა. აღნიშნული უარყო ფოთის მერმა და ფილიას განთავისუფლების მთავარ მიზეზად გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგი დაასახელა.

საბოლოოდ სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის ფოთში ვიზიტმა განმუხტა სიტუაცია. დღეს ფოთის “კოლხეთს” ახალი მწვრთნელი ჰყავს ზაზა ინიაშვილის სახით.

პირველ ლიგაში გავარდნის შემდეგ ”კოლხეთი” 7-მა ფეხბურთელმა დატოვა. მათგან თეიმურაზ ფარულავა და შალვა კვანტალიანი მარტვილის ”მერანში” გადავიდნენ.

თუმცა ინიაშვილის თქმით, მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია და გუნდმა ახალი ფეხბურთელებიც დაიმატა: ლაშა ძაგანია, გიორგი კუკავა (”ზუგდიდი”), ზვიად ქანთარია, დათა სიჭინავა (”დინამო” ბრესტი), ილია მაღრაძე (”გაგრა”), გიორგი ჭედია (”სიონი”) და გიორგი ლემონჯავა (”სპარტაკი” ცხინვალი).

სახეშეცვლილმა ფოთის ”კოლხეთმა” ჩემპიონატის დაწყებამდე 12-დღიანი შეკრება დუშეთში გაიარა.

22 აგვისტოს კი საქართველოს დავით ყიფიანი სახელობის თასის 1/16-ფინალურ გათამაშებაში ჩაერთო და სამტრედიაში წყალტუბოს ”სამგურალი” ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

როგორც ზაზა ინიაშვილისგან შევიტყვეთ, ფოთის ”კოლხეთის” 100% წილის მფობელი ფოთის მერიაა. შესაბამისად, გუნდი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

30 აგვისტოს სტარტს აიღებს პირველი ლიგის გათამაშება, სადაც ფოთის ”კოლხეთი” საკუთარ მოედანზე ოზურგეთის ”მერცხალს” მიიღებს, მატჩი “ფაზისის” სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

ედემი ელერჯია

0.118999