ფეხბურთი

18:48 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის "კოლხეთი" 100 წლისაა

დღეს ფოთში საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთის" დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს.

დიახ სწორედ 1913 წელს დაფუძნდა "ქართული ფეხბურთის აკვნად" წოდებული გუნდი.

1978 წლამდე "კოლხიდას" სახელით მოასპარეზე "კოლხეთმა" 1978 და 1988 წლებში საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი მოიგო. 1990 წელს კი დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში პირველ ეროვნულ ჩემპიონატის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა თბილისის "იბერიას" წინააღმდეგ. შეხვედრა ფოთელების გამარჯვებით დასრულდა და ერთადერთი გოლი გელა კეტაშვილმა გაიტანა საკუთარ კარში.

"კოლხეთს" საუკეთესო შედეგი ჰქონდა 1993-1994 და 1996-1997 წლებში, როცა გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.

სამწუხაროდ მიმდინარე ჩემპიონატში "კოლხეთს" პირველ ლიგაში უწევს ასპარეზობა, თუმცა გუნდი სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და დიდი ალბათობით მომავალი წლიდან ღირსეულად დაუბრუნდება უმაღლეს ლიგას.

100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება ფოთში იპოდრომზე გაიმართა. საკმაოდ ლამაზი სანახაობა შედგა მომავალი ნორჩი ფეხბურთელების, ადგილობრივი საცეკვაო ანსამბლების და მომღერლების მონაწილეობით.

მოწვეული იყვნენ სტუმრები როგორც თბილისიდან ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა, ჟურნალისტი დავით მინაშვილი და სპორტული სამყაროს სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ფოთელებმა სტუმრებს რესტორან "მონოპოლში" უმასპინძლეს.

 

ედემი ელერჯია

0.115707