ფეხბურთი

0:47 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოთელებს ,,ჩელე არენა” კარგად დაებედათ

ქობულეთში ,,ჩელე არენაზე” გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ფოთელები ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ და უკანდასახევი გზა პრაქტიკულად მოჭრილი ჰქონდათ. რაც შეეხებათ ბოლნისელებს, წინა ტურში გამარჯვების შემდეგ მათ სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოიკეთეს და ზღვისპირა ქალაქს ამაღლებული განწყობით ეწვივნენ. თანაც ქვემოქართლელთა დამრიგებელმა ლადო ბურდულმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და სათადარიგო სკამზე ფეხბურთელების გვერდით ჩვეული ადგილი დაიკავა. თავისი ვიზავისგან განსხვავებით, ზაზა ინაშვილს სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი სასჯელის ვადა ჯერ არ გასვლია, ამიტომ იგი  გულშემატკივრებს შორის ტრიბუნაზე იჯდა და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდა თავისი გუნდის გამხნევებას.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. ფეხბურთელები ჯერ ნორმალურად არც გახურებულიყვნენ, რომ ფოთელებმა ანგარიში გახსნეს. მე-6 წუთზე შოთა ჯიქიას დიდებული გადაცემის შემდეგ დათა სიჭინავამ მცველი ჩამოიტოვა და მახვილი კუთხიდან საჯარიმოში შეჭრილმა შორეულისკენ გამიზნული დარტყმა განახორციელა. ბურთმა მარჯვენა ძელი მოიკითხა და სტუმართა კარის ბადეში აფართხალდა – 1:0.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ბოლნისელები შესამჩნევად აირივნენ და შეხვედრა ზღვისპირელთა უპირატესობით გაგრძელდა. ხუთ წუთში თანაგუნდელებმა ჯიქია ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მე-19 წუთზე პირობით მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიში გაეზარდათ. გუგუჩიას მოწოდებულ საჯარიმოს ამბროლაძემ თავური დარტყმა მოაყოლა. ბურთი ერთ-ერთ მცველს შეეხო და მიმართულება იცვალა. ბათიაშვილმა პირველ ჯერზე ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა და მხოლოდ განმეორებითი ცდით შეძლო ხიფათის უვნებელყოფა.

ტაიმის შუაწელიდან სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და თამაშიც გათანაბრდა. ლობჯანიძის ჩაწოდებულს განუგრავამ თავით მიმართულება შეუცვალა, მაგრამ სამიზნეს ცოტათი ააცილა. 35-ე წუთზე თვითონ ლობჯანიძეს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა იჩქარა და დარტყმა გაუცუდდა.

ტაიმის უკანასკნელი ხუთწუთეული ქვემოქართლელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გაყაიმება ზედიზედ ორჯერ განუგრავას შეეძლო. პირველ შემთხვევაში საჯარიმოს კუთხიდან მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა, ხოლო მეორეჯერ სეფიაშვილმა იმარჯვა და აკრობატულ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმრებმა ორი ცვლილებით დაიწყეს. ,,სიონის” დამრიგებელმა ისიანისა და აფციაურის მინდორზე შემოყვანით შეტევის პოტენციალი გააძლიერა. 56-ე წუთზე თანაგუნდელის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ უგულავა ურტყამდა თავით ხელსაყრელი პოზიციიდან, თუმცა მიზანში ვერც მან მოახვედრა. მართალია, ბოლნისელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ.

მატჩის მიმდინარეობაში ცვლილების შესატანად ლადო ბურდულმა საქმეში გამოცდილი გოგობერიშვილი ჩართო და ფოთელთა კარზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა შედეგი ვერც ამან გამოიღო. პირიქით – მატჩის მიწურულს ზღვისპირელებს ანგარიშის გაზრდის 100%-იანი შესაძლებლობა ჰქონდათ.

89-ე წუთზე გუგუჩიას ზუსტი პასის შემდეგ თავისივე მოგვარის ნაცვლად შეცვლაზე შესული ნიკა სიჭინავა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შორეულ კუთხეში გამიზნული დარტყმა განახორციელა. ბურთი სულ ოდნავ ასცდა კარის ძელს.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ბოლნისელებმა ერთიც გაიბრძოლეს, თუმცა მთელი მატჩის მსგავსად სახიფათო მომენტის შექმნა ვერც ამჯერად მოახერხეს.

არბიტრის საფინალო სასტვენმა ფოთელთა დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ზაზა ინაშვილი (კოლხეთი) - ,,ჩვენი მდგომარეობა ყველას კარგად მოეხსენება. ბოლოსწინა ადგილზე ვიყავით და უკან დასახევი გზა პრაქტიკულად აღარ გვქონდა. ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს, ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს და სასურველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.”

კოლხეთი (ფოთი) - სიონი (ბოლნისი) 1:0 (1:0)
26 სექტემბერი
. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 16:00 სთ.  500 მაყურებელი.                                     

კოლხეთი :  სეფიაშვილი, გ. კილასონია (კ), ჩადუნელი, თევზაძე, ლემონჯავა, გუგუჩია, შ. ჯიქია (ნევუჩე 83), დ. სიჭინავა (ნ. სიჭინავა 79), ამბროლაძე, ქორჩილავა (კაკულია 66), ბარამიძე;

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:  ნუგზარ თვარაძე

სიონი:  ბათიაშვილი, სვანიძე (კ), განუგრავა (გოგობერიშვილი 66), მოსემღვდლიშვილი, დ. ფოფხაძე, კანდელაკი, ცხადაია (აფციაური 46), გურეშიძე, გაფრინდაშვილი (ისიანი (46), ლობჯანიძე, უგულავა;

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლი:  1:0 დ. სიჭინავა (6);

გაფრთხილება:  შ. ჯიქია (43), განუგრავა (60), სეფიაშვილი (88), კანდელაკი (90+2);

არბიტრი:  ჯენერი ხორავა

0.254253