ფორმულა 1-ის ინდურმა გუნდმა, ”ფორს ინდიამ” გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც მისი პილოტები გერმანელი ადრიან სუტილი და იტალიელი ვიტანტონიო ლიუცი იქნებიან. ამგვარად, სილვერსტოუნში ბაზირებულ გუნდში სუტილი ზედიზედ მე-4 სეზონს გაატარებს, ლიუცისთვის კი 2007 წლის შემდეგ, ეს პირველი სრული სეზონი იქნება.
”მოხარულნი ვართ იმით, რომ ადრიანი და ტონიო ისევ ჩვენთან იქნებიან. ჩვენთვის სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გუნდის განვითარების ერთ-ერთი პირობაა. ჩვენ პირველად შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ არამარტო პილოტები, არამედ ძრავიც და გუნდის მმართველი შემდაგენლობაც. მჯერა, რომ ამ სტაბილურობით, ჩვენ შესანიშნავ პლატფორმას ვქმნით გუნდის წინსვლისთვის”, - განაცხადა ”ფორს ინდიას” შეფმა ვიჯეი მალიამ.
სუტილის თქმით, ”ფორს ინდია” მისთვის მეორე ოჯახად იქცა. ”როდესაც თავს თავისუფლად გრძნობ, მაშინ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ტრასაზე ავლენ. ახალ სეზონში მუდმივად ქულებისთვის ბრძოლას ვაპირებ და ხანდახან კვარცხლბეკზე ასვლასაც ვეცდები. გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება და იმედი მაქვს, მერმისს უფრო მეტს მივაღწევთ, ვიდრე გასულ სეზონში”, - ამბობს სუტილი.
ლიუცი ბოლო ორ სეზონში ”ფორს ინდიას” ტესტ და სარეზერვო პილოტი იყო. გასული სეზონის ბოლო ხუთ ეტაპზე, მან ”ფერარიში” გადასული იტალიელი ჯანკარლო ფიზიკელა შეცვალა. ახლა კი ბედნიერია იმით, რომ ”ფორს ინდიას” სრულფასოვანი პილოტი იქნება.
”ის 5 რბოლა, რომლებშიც ამ სეზონში მივიღე მონაწილეობა, ჩემთვის მოთელვასავით იყო. ამ სეზონში საკმაოდ ძლიერები ვიყავით. და თუ ფორმის შენარჩუნებას შევძლებთ, მაშინ მერმისს კარგი სეზონი გვექნება. ქულებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ, უფრო მეტზე კი მერე ვიფიქრებთ”, - ამბობს ლიუცი.
გუნდმა ასევე გამოაცხადა, რომ მე-3 პილოტის ვინაობას ახალგაზრდა პილოტების ტესტირების შემდეგ გაამჟღავნებს.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







