ავტოსპორტი

2:02 | 5.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1 არ იყიდება

ფორმულა 1-ის კომერვიულ უფლებათა მფლობელმა, ბრიტანულმა საინვესტიციო კომპანია „CVC კეპიტალ პარტნერზმა“ გამოაცხადა, რომ არ აპირებს სპორტის ამ სახეობის გაყიდვას და ამით დააცხრო ის ვნებათაღელვა, რომელიც მედიაჯგუფ „ნიუსკორპისა“ და იტალიურ საინვესტიციო კომპანია EXOR-ის ფ1-ით ერთობლივმა დაინტერესებამ გამოიწვია.

„CVC კეპიტალ პარტნერზმა“ დაადასტურა, რომ ჯეიმს მერდოკის კომპანიისგან „მეგობრული“ შეთავაზება მიიღო, თუმცა მასვე პასუხად თავაზიანი უარი შესთავაზა, რაც სათანადოდ იქნა გაგებული. ამასთან, ფ1-ის მფლობელმა ისიც დასძინა, რომ გაცნობიერებული აქვს „ნიუს კორპის“ და EXOR-ის ავტორიტეტი და მათ, როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ისე აღიქვამს.

„ჯეიმს მერდოკმა გვამცნო, რომ მისი შემოთავაზება მეგობრულია და ის ჯერ მხოლოდ წინასწარ ფაზაშია. მათ კარგად გააცნობიერეს ისიც, რომ ამ ეტაპზე, ფორმულა 1 არ იყიდება. ისინი მაღალი დონის, სანდო ინვესტორები არიან, თუმცა ფ1-ში ნებისმიერ ინვესტიციას CVC-ს თანხმობა სჭირდება და რა თქმა უნდა, ინვესტორმა წინასწარ უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ მათი საქმიანობა სპორტის ინტერესებს ემსახურება“, - ნათქვამია CVC-ს განცხადებაში.

სხვათა შორის, კომპანია EXOR-ი „ფიატ-ის“ უმსხვილესი აქციონერია და ის ანიელის ოჯახს ეკუთვნის. სწორედ დიდი ჯოვანი ანიელის შთამომავალია ჯონ ელკანი (ფოტოზე, ფერარის პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოსთან ერთად), რომელსაც ტურინული კონცერნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის და EXOR-ის მთავარი აღმასრულებლის პოსტები უკავია. ის ასევე არის გამოცემა „ლა სტამპას“ აღმასრულებელი. „ფიატ-იდან“ გამომდინარე, ის „ფერარის“ თანამფლობელიცაა. ამასთან, EXOR-ს ეკუთვნის საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსიც“.

ელკანის გარდა, „ნიუს კორპს“ ფ1-თან დაკავშირებით, მოლაპარაკება აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, მექსიკელ კარლოს სლიმთან, რომელიც „ზაუბერის“ მექსიკელ სერხიო პერესს აფინანსებს. ამ საქმით ასევე დაინტერესებულია ემირატული საინვესტიციო ფონდი „მუბადალა“. თუმცა, ბერნი ეკლსტოუნმა, ვინც ფ1-ს CVC-ს ხელდასმით განაგებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუპერტ მერდოკს ფ1-ის ხელში ჩაგდების თითქმის ნულოვანი შანსი აქვს. ამის მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ მერდოკის ხელში გადასვლის შემთხვევაში, ფ1-ის ტელერეპორტაჟები ფასიან საკაბელო კომპანიებს ჩაუვარდებათ ხელში, ეს კი ავტომწარმოებლების ინტერესებში არ შედის, რადგან მათ გამოსვლებს და რეკლამებს გაცილებით ცოტა მაყურებელი ეყოლება...

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

0.089276