ევროპის უდიდესმა ავტომწარმოებელმა ”ფოლკსვაგენმა” გადაწყვიტა, რომ 2011 წელსაც იასპარეზოს დაკარის რბოლაში და წლეულს მოპოვებული ტიტულის დაცვას შეეცადოს. ისევე, როგორც ბოლო ორი რბოლა, შემდეგი დაკარიც სამხრეთ ამერიკის გზებზე ჩატარდება.
2009 წელს, დაკარის რბოლა, სარბოლოდ მომზადებული დიზელისძრავიანი ”ფოლკსვაგენ ტუარეგით”, სამხრეთ აფრიკელმა გინიელ დე ფილიერსმა მოიგო, წლეულს კი, გამარჯვებული (იმავე ტუარეგით) გახდა ესპანელი ”მატადორი”, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კარლოს საინსი.
”ფოლკსვაგენ მოტორშპორტის” შეფი კრის ნისენი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი კიდევ ერთხელ შეძლებს ლეგენდარულ რალი რეიდში გამარჯვებას. ”ჩვენ რეალური შანსი გვაქვს იმისა, რომ ”დიზელის ჰეთ-ტრიკი” შევასრულოთ და ამით, ავტოსპორტის ისტორიაში მორიგი ფურცელი ჩავწეროთ”, - ამბობს ნისენი.
ცნობისათვის, დაკარის რბოლამ აფრიკული საჰარის უდაბნოდან სამხრეთ ამერიკაში 2009 წელს გადაინაცვლა, რისი მიზეზიც ის ფაქტი გახდა, რომ მისი ორგანიზატორები რბოლის სრულ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. ისინი მომავალი დაკარის ადგილის კვლავ გადატანას აპირებდნენ, მაგრამ ამას, ალბათ, 2011 წლის შემდეგ გააკეთებენ.
წლევანდელი დაკარის ფინიშზე, პირველი 3 ადგილი ”ფოლკსვაგენის” ეკიპაჟებმა დაიკავეს. ამასთან, საინსს რბოლის ბოლო კილომეტრამდე უშეღავათო პაექრობა გაუმართა მისმა ყატარელმა თანაგუნდელმა ნასერ ალ-ატიამ.







