პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, ბიალისტოკის “იაგელონიამ”, რომელშიც გიორგი ფოფხაძე და ნიკა ძალამიძე გამოდიან, საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი კრაკოვის “ვისლა” 5:2 დაამარცხა.
ფოფხაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ “იაგელონიაში” ადაპტაციის გავლის შემდეგ, ქართველი მარცხენა მცველი გუნდში დამკვიდრდა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც აქვს. ძალამიძე ტრავმირებულია და ბუნებრივია, 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “იაგელონიას” 25 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-7 ადგილზეა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ყაზანის “რუბინმა” შინ პერმის “ამკარი” 3:0 დაამარცხა. სოლომონ კვირკველიამ მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. ახალგაზრდა ქართველ მცველს ბოლო პერიოდში “რუბინში” თამაში ხშირად უწევს, რაც მისასალმებელია. ნიკა კაჭარავა ყაზანელთა 18-კაციან განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მოუწია. “რუბინს” 23 ქულა აქვს და 16 გუნდში მეათეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში, “სევასტოპოლმა” კიევის “დინამოს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მათე ღვინიანიძემ სევასტოპოლელთა რიგებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “სევასტოპოლს” 19 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-12 პოზიციაზეა.