ავსტრიულ გრაცში ჩასული თბილისის “დინამო” სასტუმრო “სან მარკოში” დაბინავდა და გუშინ, თბილისის დროით 22:30 საათზე, “უპც არენაზე” ივარჯიშა – იქ, სადაც დღეს ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს მასპინძელ “შტურმთან”.
შეხსენებისთვის, “დინამოს” არ ეყოლება მთავარფორვარდი მათე ვაწაძე, რომელსაც ორი ყვითელი ბარათი აქვს. ვაწაძე დიდი ძალაა კახა კაჭარავას გუნდისთვის, თუმცა, მთლად იდეალური შემადგენლობით ვერც გრაცელები იქნებიან – kleinezeitung-ის ცნობით, წამყვანი ნახევარმცველი კლაუს სალმუტერი დააკლდებათ. ეჭვქვეშ იყო კიდევ ერთი ნახევარმცველის, ანდრეას ვებერის თამაშიც, რომელმაც ავსტრიული ბუნდესლიგის ბოლო ტურში (“კაპფენბერგთან” 3:0) ტვინის შერყევა მიიღო. “თავი ისევ მტკივა, თუმცა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და თამაშსაც შევძლებ”, – ამბობს ვებერი.
სხვადასხვა ავსტრიულ წყაროებში (laola.at, krone.at, sport1.at) “შტურმის” მწვრთნელ ფრანკო ფოდასა და ფეხბურთელთა კომენტარებია. ფოდა ფრთხილობს, “დინამო” ცოცხალი და დინამიური კლუბია, განსაკუთრებით ძლიერი კი შეტევაშიაო: “მე ვუყურე მათ თამაშს შვედურ “გეფლესთან”. სწრაფი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ და შეტევაში კარგად ირჯებიან, აი, დაცვაში კი სისუსტეები შევამჩნიე. თამამად ვიტყვი, რომ “დინამო” იმ ბოსნიურ “შიროკი ბრიეგზე” ძლიერია, რომელსაც შარშან ევროპის ლიგის ამავე რაუნდში შევხვდით”.
ფოდამ აღნიშნა, რომ მისი გუნდი უპირატესობას ფლობს იმ მხრივ, რომ ავსტრიის ბუნდესლიგა დაწყებულია, საქართველოს ჩემპიონატში კი შესვენებაა. და კიდევ, გრაცელთა გერმანელი თავკაცი პროგნოზს ერიდება – “მხოლოდ ჩემს სურვილს გეტყვით. იდეალური იქნება, თუ მოვიგებთ და გოლს არ გავუშვებთ”.
მწვრთნელი თავშეკავებულია, ფორვარდმა რომან კინასტმა კი თბილისელები “უკვე გაანადგურა”: “3:0 მოვიგებთ!”. ეს ის კინასტია, რომელმაც “კაპფენბერგთან” დუბლი შეასრულა და საერთოდაც, ავსტრიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება.
და საინტერესოა “შტურმში” გასინჯვაზე მყოფი ქართველი მარცხენა მცველის, გიორგი ფოფხაძის მოსაზრებაც, რომელიც კრონე.ატ-თან გამოთქვა: “სიჭაბუკისას ვიყავი “დინამოში”, საიდანაც თბილისის “თბილისში” გადავედი. “დინამო” ისეთი ძლიერი ვერაა, როგორც წინა წლებში იყო. პრობლემები აქვს, რაც შვედეთის “გეფლესთანაც” გამოჩნდა. დანიაში ვთამაშობდი და “გეფლეს” დონე ვიცი, მათ წინაამღდეგ მითამაშია კიდეც. ამ გუნდისადმი პატივისცემის მიუხედავად, სულაც არ გამკვირვებია, რომ “დინამომ” მათ ორივე შეხვედრა მოუგო. “შტურმი” კი სხვა განზომილებაა”.
შეხსენებისთვის, გიორგი სამი დღის მისულია “შტურმში” და საინტერესოა, რომ მის პოზიციაზე გუნდი ჰოლანდიაში, სლოვაკეთში და სლოვენიაში ეძებდა ფეხბურთელებს. ამჟამად ფოდას განკარგულებაში მხოლოდ ერთი ნომინალური მარცხენა მცველია – 22 წლის კრისტიან პიურხერი, რომელიც პირველ სეზონს ატარებს იქაურ ბუნდესლიგაში.
ბოლო სამ მატჩში (“რიდთან” 3:0, ლონდონის “არსენალთან” ამხანაგურში 0:3 და “კაპფენბერგთან” 2:0) ფოდა 4-4-2 ტაქტიკურ სქემას იყენებდა. მეკარე კრისტიან გრაცეის წინ, მარჯვნიდან მარცხნივ თამაშობენ იაოჰიმ შტანდფესტი, გორდონ შინდენფელდი, ფერდინანდ ფელდოფერი და პიურხერი. საყრდენებად, სავარაუდოდ, მარიო კინცლი და ვებერი დადგებიან, ფლანგელი ნახევარმცველები ანდრეას ჰიოლცლი (მარჯვნივ) და ჰარის ბუკვა (მარცხნივ) იქნებიან, თავდასხმაში კი კინასტისა და უნგრელი იმრე შაბიჩის წყვილი.
ასეთია ფოდას სავარაუდო ძირითადი თერთმეტეული. გრაცელები სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობენ, განსაკუთრებით კარგად იყენებენ ფლანგებს. ისე, “შტურმი” სეზონის წინ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა (მათ შორის, ილია კანდელაკმა) და ბევრისთვის მოულოდნელია გუნდის ასეთი კარგი სტარტი ჩემპიონატში.
და ბოლოს, შეხსენებისთვის, მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მთავარი მსაჯი ესტონელი ჰანეს კასიკი იქნება. პირდაპირი ტრანსლაცია ქართული არხებისა რა გითხრათ (ბოლო წლებში საოცნებო რამეს შევეხეთ) და ავსტრიულ ტელეარხ ORF1-ზე იქნება.
ილია ნანობაშვილი







