კალათბურთი

20:24 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფლინ კლაიმანი „დინამოს“ მინიმუმ ორი თვით ტოვებს

საკალათბურთო სუპერლიგის 2012-2013 წლის სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი, დინამოელი ფლინ კლაიმანი ზაფხულს ეკვადორში გაატარებს. მან უკვე მოაწერა ხელი ორთვიან კონტრაქტს ქალაქ კიტოს კლუბთან - „სან ვინსენტ მარტირ ლატუცუნგა“ (სვმ კლაბ).

როგორც კლაიმანმა „მსოფლიო სპორტს“ განუცხადა, ის კიტოში 25 მაისს წავა და კონტრაქტის მიხედვით იქ ივნისსა და ივლისს გაატარებს.

ამერიკელი კალათბურთელი „დინამოში“ გატარებულ სეზონს ძალიან დადებითად აფასებს. კმაყოფილია კლუბის მენეჯმენტით და თავად „დინამოთი“, რომელსაც ძალიან ძლიერ კლუბად მოიხსენიებს.

„შარშან აგენტი არ მყოლია, სანამ აქ ვიყავი, ბევრი დამეკონტაქტა და ვფიქრობ, საუკეთესო ავარჩიე. წლეულს უკვე ჩემს აგენტთან ერთად გადავხედავ ყველა შემოთავაზებას და ალტერნატივას. ეს შემოთავაზება, ეკვადორიდან, ისე სწრაფად გამოჩნდა, არც ველოდი. ვნახოთ, როგორი იქნება. თუმცა მომენატრებიან ჩემი მეგობრები საქართველოში“, - აცხადებს კლაიმანი, რომელიც ბოლო სეზონის შედეგებით, თუ პლეი ოფს არ ჩავთვლით, არაა უკმაყოფილო. როგორც აღნიშნა, პლეი ოფში პატარა დარბაზში თამაში ცოტა გაუჭირდა...

„ძალიან მადლობელი ვარ „დინამოსი“ ამ სეზონში რომ მომიწვია. მეც არ მიზარმაცია და ჩემი მხრიდან მაქსიმუმი გავიღე, დიდი ძალისხმევა ჩავდე ამ სეზონის მატჩებში. ეს ჩემი პირველი წელიწადი იყო პროფესიულ გუნდში. სადაც უნდა აღმოვჩნდე მომავალში, ყოველთვის მემახსოვრება აქ მიღებული გამოცდილება. ძალიან გამიხარდებოდა, ჩემპიონობით რომ დაგვემთავრებინა სეზონი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა“, - განაცხადა კლაიმანმა ინტერვიუს ბოლოს.

„დინამოს“ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ორი შეხვედრა დარჩა პლეი ოფში. კლაიმანი სეზონის ბოლომდე დარჩება საქართველოში და დაეხმარება თავის გუნდს. ჯერჯერობით საქართველოში არიან და ბოლომდე ითამაშებენ პლეი ოფში კიონ კარტერი, მილან ოლუიჩი და ლამარ კარიმიც.


0.114868