რუმინეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ბუქარესტის "სტიაუას" მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ კარიერას "ფიორენტინაში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
რუმინელმა მეკარემ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა. ხელშეკრულების დეტალები ჯერ არ გახმაურებულა. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტატარუშანუმ "იებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მეკარე "სტიაუაში" ხუთი წელი თამაშობდა და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა. შესაბამისად "ფიორენტინას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
"იების" პირველი მეკარე ამჟამად ბრაზილიელი ნეტოა, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ტატარუშანუსთან ჭიდილი მოუწევს.
გიორგი ბალახაძე