გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ფიორენტინას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი გააძლიერებს.
იტალიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბებმა 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
იოვეტიჩის სანაცვლოდ “ფიორენტინა” 27 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 3 მილიონს კი, “სიტი” მოგვიანებით, ბონუსის სახით გადაიხდის. სერია A-ს გასული სეზონის 31 მატჩში სტევანმა 13 გოლი გაიტანა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “სიტიში” კარიერას “სევილიას” ფორვარდი ალვარო ნეგრედო გააგრძელებს. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისელებმა ხესუს ნავასიც დაიმატეს, მაგრამ შეჩერებას არ აპირებენ და პორტუგალიურ “ბენფიკასთან” შემტევ ნახევარმცველ ედუარდო სალვიოს ტრანსფერთან დაკავშირებით აწარმოებენ მოლაპარაკებას. 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელები 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავენ.