სხვა

23:57 | 25.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში რუსეთის გავლით

საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებმა ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუასა და ასმათ დიასამიძის შემადგენლობით, ესპანეთის ქალაქ კამბრილსში მიმდინარე ზამთრის ევროპის ჩემპიონატზე, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ინდივიდუალური შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მე-4 შედეგით შევიდა და ორი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ქართველებმა მე-5 განთესვის მქონე პოლონეთს 227:219 სძლიეს, შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ რუსებთან ნამდვილი ტრილერი გადაიტანეს. ქართულ-რუსული შერკინების ძირითადი ეტაპი ფრედ, 226:226 დასრულდა, ყაიმი აღინიშნა პირველ დამატებით რაუნდშიც – 29:29, მე-2 დამატებითში კი ქართულმა ტრიომ 29:25 იმარჯვა.
ქართველებმა ფავორიტი რუსები გზიდან კი ჩამოიცილეს, თუმცა, ფინალშიც არანაკლებ რთული ბრძოლა ელით. საქართველოს ნაკრების პირისპირ მე-3 რეიტინგის  უკრაინის ნაკრები დადგება, რომელიც მეოთხედფინალში თავისუფალი გახლდათ, ნახევარფინალში კი იტალიის ძლიერი ნაკრები (მე-2 განთესვა) 225:223 დაამარცხა. ფინალი ხვალისთვისაა დაგეგმილი, მე-3 ადგილისთვის მატჩი კი დღესვე შედგა და რუსებმა იტალიელებს დამატებით რაუნდში 30:28 მოუგეს (ძირითადი 231:231 დასრულდა).
დასასრულს მიუახლოვდა ასპარეზობა ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატშიც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ქართველები არცთუ წარმატებულად გამოვიდნენ. შესარჩევ რაუნდში ხათუნა ნარიმანიძემ მე-5 შედეგი (289 ქულა) აჩვენა, ქრისტინე ესებუა და ასმათ დიასამიძე კი ერთნაირი მაჩვენებლით (284) მეთვრამეტე-მეცხრამეტე ადგილებზე აღმოჩნდნენ.
უკვე ძირითად ეტაპზე, ყველაზე უკეთ ნარიმანიძემ იასპარეზა, რომელმაც პირველ რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი დანიელ ლუის ლაურსენს – 6:0 მოუგო, თუმცა მეოთხედფინალში ჰოლანდიელ კობი ჰურკმანსთან 4:6 დამარცხდა. ესებუამ აპენინელ ელენა ტონეტას ძლევის (6:2) შემდეგ, იტალიისვე სახელით მოასპარეზე ექს-მოლდოველ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატალია ვალეევასთან წაიფორხილა (0:6), დიასამიძე კი პოლონელ ნატალია ლესნიაკს ვერ გაუმკლავდა – 2:6. ცნობისთვის, ნარიმანიძის მძლეველმა ჰურკმანსმა საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ვალეევა კი ფინალში რუს ტატიანა ბოროდეის შეერკინება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08869