მიმდინარე სუპერლიგის პლეი ოფის მესამე ნახევარფინალურ შეხვედრაში, თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს “არმია” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება (92:66) და ფინალის საგზური “არმიამ” მოიპოვა. ზღვისპირელთაგან ყველაზე მეტი, 15 ქულა, ჯოშუა ჯექსონმა გააკეთა, სტევან მილოშევიჩი კი, 12 ქულითა და 12 მოხსნით, ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ძალოვნებიდან, 23-23 ქულით, გილერმო დიასი და ბენჯამინ ვუდსაიდი გამოირჩნენ, ხოლო უილიამ ტომასმა, 10 ქულითა და 12 მოხსნით, ორმაგი დუბლი შეასრულა.
კოტე ტუღუში (“არმიას” მწვრთნელი): “სანახაობრივი მატჩისთვის, “სოხუმს” მადლობა მინდა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ ჩემი კალათბურთში მოღვაწეობა ბატონი ვაჟას დამსახურებაა. რაც შეეხება ფინალს, “ოლიმპი” ძლიერი გუნდია და რთული მატჩი გველის”.
ვახტანგ მინაშვილი (“არმიას” კალათბურთელი): “ყველაზე მთავარი ეტაპი ახლა იწყება და ფინალისთვის შესაბამისად უნდა მოვემზადოთ”.
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მწვრთნელი): “არმია” ძალიან კარგი გუნდია და დღითიდღე ძლიერდება. ასეთი თამაშით “ბეშიქთაშსაც” კი მოუგებდნენ, ამიტომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია”.
ლაშა ფარღალავა (“სოხუმის” კალათბურთელი): “მეტოქეს ფიზიკურად ვერ გავუძელით და დავმარცხდით. ახლა მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ, რაც ამ მომენტისთვის, ძალიან კარგი შედეგი იქნება ჩვენთვის”.
შეგახსენებთ, რომ დღის პირველ მატჩში, თსსუ-მ თსუ-ს 96:91 სძლია და მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო თსუ მერვე ადგილს დასჯერდა. მოგვიანებით, “შსს-აკადემიამ” “დინამოს” 99:93 სძლია და მეხუთე საფეხურზე განთავსდა, შესაბამისად, “დინამო” მეექვსეა, ხოლო “ოლიმპმა” “ქუთაისს” 73:69 მოუგო და 19 მაისს ფინალში “არმიას” დაუპირისპირდება.
რუსუდან ჭუმბურიძე







