საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელი გათამაშების ფინალისტებმა რაფა ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლევანდელი ტურნირის მესამე წრე წარმატებით გადალახეს. “როლან გაროსის” მოქმედმა ჩემპიონმა ნადალმა რეიტინგსიის 29-ე ნომერს, იტალიელ ფაბიო ფონინის 7:6 (7:5), 6:4, 6:4 მოუგო, მსოფლიო კლასიფიკაციის სერბმა ლიდერმა ჯოკოვიჩმა კი 22 წლის ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს (რეიტინგში 28-ეა) 6:2, 6:2, 6:3 სძლია.
რაფამ აპენინელი ოპონენტის დამარცხებას 2 საათი და 47 წუთი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში მალიორკელმა 5 ბრეიკი და ამდენივე ეისი შეასრულა. ნადალისა და ფონინის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:0 გახდა. მეოთხე წრეში (მერვედფინალი) რაფა იაპონელ კეი ნიშიკორის (“როლან გაროსზე” 13-ე ნომრადაა განთესილი) შეხვდება. იაპონელმა მესამე სტადიაზე ფრანგ ბენუა პერს მოუგო.
ნადალთან შედარებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვა. ბალკანურ დერბიში “ნოლემ” 7 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, დიმიტროვთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 3:1 გახადა. შეგახსენებთ, დიმიტროვმა სწორედ მიმდინარე სეზონში მოახერხა ჯოკოვიჩის დამარცხება. ნოვაკის სამერვედფინალო მოწინააღმდეგეს გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერისა და რუმინელი ვიქტორ ჰანესკუს პაექრობა გამოავლენს.