საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს მერვედფინალით გახსნის, სადაც დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდება. ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დე ბაიაში დაგეგმილი ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებს ქალები გამოავლენენ, ვაჟებს კი ტატამი ხვალ დაეთმობათ.
ქართველებს გუნდი ტრადიციულად, მხოლოდ ვაჟებში გვეყოლება. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ სამხრეთ ამერიკაში ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობა იახლა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ქართულ განაცხადში ლევან მატიაშვილის გამოჩენა იყო. ასაკობრივ ჩემპიონატებში თავგამოჩენილ მძიმეწონოსანს უფროსთა შორის ამ რანგის შეჯიბრების გამოცდილება არ აქვს და ბრაზილიაში თავისზე ბევრად გამოცდილ ძიუდოისტებთან მოუწევს დაჭიდება. მატიაშვილზე გაცილებით მაღალრეიტინგიანი მძიმეწონოსნები ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი კი ცირეკიძემ ჯერ წინასაჩემპიონატო შეკრებაზე, შემდეგ კი სალვადორ დე ბაიაშიც, იმად არ იახლა, რომ იქამდე, ნაკრების თბილისურ ვარჯიშებში არ ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, გუნდურ პირველობაში მონაწილე ნაკრებები ხუთ წონით კატეგორიაში დაეჭიდებიან ერთმანეთს. ინდივიდუალურისგან განსხვავებით, გუნდურში უმსუბუქესი და უმძიმესი წონები 60 და +100 კილოგრამები გაუქმებულია. იწყება 66 კილოგრამით და მძიმე წონად +90 მიიჩნევა.
წინასწარი განაცხადის მიხედვით, ბრაზილიურ ტატამზე მამაკაცთა 16 ნაკრები უნდა გასულიყო, მაგრამ სიას ჩინეთი და ვენესუელა გამოაკლდნენ. ჩემპიონატზე პირველ-მეორე ნომრებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი და ფინალისტი ბრაზილია განთესეს და შესაბამისად, სატურნირო ბადის სხვადასხვა მხარეს ჩასვეს.
საქართველოს ნაკრები წილისყრამ საფრანგეთის მხარეს მოახვედრა. ქართული და ფრანგული გზები ერთმანეთს ნახევარფინალში უერთდება, თუმცა იქამდე, ირაკლი ცირეკიძის გუნდს ორი მეტოქის ჩამოშორება დასჭირდება. ბრიტანეთის ძლევის შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგე იაპონიასა და უზბეკეთს შორის უძლიერესი იქნება.
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების ისტორია 1994 წლიდან იწყება. პირველი სამი ტურნირი ოთხწლიანი ინტერვალით იმართებოდა. 2006 წლიდან კი ყოველწლიური გახდა, თუ გამოტოვებულ 2009 წელს არ ჩავთვლით.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს უმაღლეს საფეხურზე ორჯერ ავიდა: 2006 და 2008 წლებში. ერთხელ კი ფინალში დამარცხდა (2002 წელს, იაპონიასთან). ჩემპიონობის მხრივ რეკორდსმენი იაპონიაა, რომელმაც 4-ჯერ იმარჯვა (1998, 2002, 2007 და 2010 წლებში), ხოლო საფრანგეთს, საქართველოს დარად, ორი გუნდური ოქრო აქვს (1994 და 2011 წლებში). ამ სამი ნაკრების გარდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჯერ არავინ შემდგარა.
დაბოლოს, ქართული გუნდის სატურნირო განაცხადი:
66 კგ – შალვა ქარდავა
73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი
90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+90 კგ – ლევან მატიაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







