კალათბურთი

21:55 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი ბელარუსთან


თბილისის მერიის თასზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 73:60 მოუგო, მიჯრით მეორე შეხვედრაში იმარჯვა და ხვალ მთავარი პრიზისთვის ასევე დაუმარცხებელ ბელარუსს შეერკინება.

ჩვენებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს. საწყისი მეოთხედი 3 ქულით მოვიგეთ (14:11), მეორე პერიოდში ქართველთა ინდივიდუალური ოსტატობა კიდევ უფრო თვალნათელი გახდა და დიდ შესვენებაზე კოკოშკოვის გუნდი 13 ქულიანი უპირატესობით (34:21) გავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისიდან ბრიტანელებს თამაში და სამქულიანები წაუვიდათ. ალბიონელებმა მესამე მეთხედი 12 ქულით მოიგეს და დასკვნითი პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები წინ ერთადერთი ქულითღა იყო – 48:47. დასკვნით, მეოთხე ათწუთიანი მონაკვეთის დასაწყისში ბრიტანელთა მეფარემ დენიელ კლარკმა ზუსტად გაისროლა სამიანი (სულ მის ანგარიშზე პერიმეტრს მიღმიდან 4 იღბლიანი მცდელობაა) და სტუმრები 52:51 დააწინაურა. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ საქმეში ჩვენების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ჩაერთო და აშკარად დაჩაგრა ბრიტანელი ვიზავები. მთლიანობაში ზაზამ 20 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი და მატჩის მონაწილეთაგან ერთადერთმა მოახერხა ორმაგი დუბლის შესრულება. შაბოლოოდ საქართველომ 73:60 იმარჯვა და როგორც მოგახსენეთ, ხვალ ფინალის დარ დაპირისპირებაში “კერკეტ კაკალ” ბელარუსს შეხვდება.

დიდ ბრიტანეთთან მატჩს თუ მივუბრუნდებით, მეორე ტაიმში ჩვენების თამაშს უარყოფითი დაღი დაასვა ვიქტორ სანიკიძის არყოფნამ. ვიკას წელის ტკივილმა შეაწუხა და მწვრთნელებმაც იგი აღარ დატვირთეს.

ზუსტად ერთი კვირა გვაშორებს ჩეხეთთან ევროპირველობის საკვალიფიკაციო შეხვედრას. ჩვენი ეროვნული გუნდის თამაში დამაჯერებლად ჯერ კიდევ ვერ გამოირჩევა, თუმცა, ტესტ-მატჩების მიხედვით საბოლოო დასკვნის გაკეთება ძნელია. დარჩენილ დროში გუნდს მომატების პოტენცია აქვს, ამასთან წამყვანი მოთამაშეები ოფიციალურ დაპირისპირებაში მეტ მოტივაციასა და მონდომებას გამოავლენენ. გუნდს მეფარე გიორგი შერმადინი დაემატება, ამასთან დღეს განაცხადში მყოფ 14 კალათბურთელიდან 2 დააკლდება. კოკოშკოვს დღეს სათამაშოდ გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ჭოჭუა და ბექა წივწივაძე არ გაუყვანია. დიდი გულთმისნობა არაა საჭირო იმის სავარაუდოდ, რომ 2 “უიღბლო” სწორედ ამ კვარტეტიდან შეირჩევა.

და ბოლოს, მსაჯობაზეც უნდა ვთქვათ. 2 წლის წინათ თბილისის ტურნირის დასკვნით მატჩში უკრაინის წინააღმდეგ არბიტრებმა რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც სტუმრები გააღიზიანეს. მაშინ ვწერდით, რომ ჩვენების მოგება არა მსაჯების დამსახურება, არამედ ქართველ კალათბურთელთა უკეთესი ასპარეზობა იყო და ტურნირის ორგანიზატორებს სამომავლოდ თემიდის უცხოელ წარმომადგენელთა მოწვევა ვთხოვეთ. წლეულს მოლდოველი არბიტრი გვეწვია, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, დღევანდელი დაპირისპირება მინიმუმ 2 მოწვეულ არბიტრს ემსაჯა. ნამდვილად არ გვსურს ეჭვი შევიტანოთ ზაზა მაჩალაძისა და მაკა კუპატაძის კვალიფიკაციაში, მაგრამ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ ბრიტანელები ხშირად უკმაყოფილონი რჩებოდნენ და ჩვენი აზრით, რამდენიმე ეპიზოდში მათ საამისო საბაბიც ჰქონდათ...

 

თბილისის მერიის თასი

3 აგვისტო 

საქართველო – დიდი ბრიტანეთი 73:60 (14:11, 20:10, 14:26, 25:13)

საქართველო: სასტარტო: ზაზა ფაჩულია (20ქულა, 10მოხსნა, 4პასი, 33.35 წუთი), ლევან ფაცაცია (2ქულა, 3მ, 27.46), ვიქტორ სანიკიძე (2ქ, 2მ, 15.44), გიორგი ცინცაძე (12ქ, 2მ, 2პ, 2ჩაჭრა, 34.00), თორნიკე შენგელია (13ქ, 6მ, 29.19). სათადარიგოები: ნიკა მეტრეველი (1მ, 06.14), ოთარ ფხაკაძე (2ქ, 2პ, 08.58), დუდა სანაძე (11ქ, 2ჩ, 2პ, 20.04), ბექა ბურჯანაძე (9ქ, 4მ, 15.13), ბესიკ ლეჟავა (2ქ, 2მ, 09.07).

მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

დიდი ბრიტანეთი: სასტარტო: გარეთ მარეი (3ქ, 4მ), დენიელ კლარკი (20ქ, 7მ), მაილზ ჰენსონი (6ქ, 3მ), დივეინ ბეილი (6ქ, 3მ), კაილ ჯონსონი (10ქ, 4მ). სათადარიგოები: კიერონ აჩარა (6ქ, 6მ), ეშლი ჰემილტონი (1ქ, 1მ), დევონ ვან ოოსტრუმი (3ქ, 1მ), მეთიუ ბრაიან-ემენინგი (5ქ, 4მ), ერიკ ბოატენგი (2მ), ბენჯამინ მოკფორდი (1მ).

მთავარი მწვრთნელი: ჯო პრუნტი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093963