საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა აბუ დაბის გრან-პრი ვერცხლის მედლით და 120 სარეიტინგო ქულით ჩაამთავრა. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 60 კილოგრამში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგ-სიაში მეხუთე ადგილზეა, ამ შეჯიბრებაზე მეორე ნომრად იყო განთესილი. პირველნომრობა კი რეიტინგის მეოთხეადგილოსანს, რუსეთის სახელით მოჭიდავე ბესლან მუდრანოვს ერგო.
წესისამებრ, პირველი და მეორე ნომერი სატურნირო ბადის სხვადასხვა მხარეს ჩასვეს, რათა ერთმანეთს ფინალამდე არ გადაყროდნენ. საქმე მართლაც ლოგიკურ ფინალამდე მივიდა, და გადამწყვეტ ბრძოლაშიც უფრო მაღალრეიტინგიანმა იმარჯვა – მუდრანოვმა საქმე ეფექტური გდებით ნახევარ წუთში მოამთავრა.
60 კილოგრამში სულ 15 მონაწილე შეიკრიბა და ტურნირი პირდაპირ მერვედფინალით გაიხსნა. პაპინაშვილმა პირველი მეტოქე - ლიბანელი ზიადე დამიენი 40 წამში დაამარცხა. იპონითვე გასცდა ამერიკელ ნიკოლას კოსორსაც, სამწუთნახევარში. ნახევარფინალში კი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან ძირითადი 5 წუთი უქულოდ ჩაამთავრა და მომგებიანი გდება – ვაზარი ოქროს დროში შეასრულა.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. ამ წონაში საქართველოს სახელით საქმეში იაკობ გაზდელიანი ჩაერთო, მაგრამ საწყის ეტაპზევე წმინდად დამარცხდა იაპონელ მასაში კოდერასთან.
ხვალ ტატამი 73 და 81 კილოგრამებში მოჭიდავე მამაკაცებს დაეთმობათ. საქართველოს დროშის ქვეშ შოთა ჯავახაძე იჭიდავებს. შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვება, ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი სავარაუდოდ შვედ რობინ პაცეკს დაეჭიდება.
ქართული განაცხადის კიდევ ორი წევრი: ზვიად გოგოჭური და ვარლამ ლიპარტელიანი კიმონოს გრან-პრის ბოლო დღეს – 13 ოქტომბერს მოირგებენ. გოგოჭური ტრადიციულად, 90 კილოგრამში გამოვა, ლიპარტელიანი კი ერთი წონით მაღლა – 100 კილოგრამში მოსინჯავს ძალას.
შეგახსენებთ, გრან-პრის ჩემპიონობა 200 სარეიტინგო ქულად ფასობს, მეორეადგილოსნები 120 ქულას გამოიმუშავებენ, ხოლო ბრინჯაოსნები 80-ს. ამასთან, ქულები საწყის ეტაპებზე დამარცხებულ ძიუდოისტებსაც ერიცხებათ.
ოთარ მაღლაკელიძე







