ბოლო სეზონები: სენსაციის შემოქმედნი
გასულ სეზონში ყველაზე დიდი სენსაცია “ფილადელფიამ” შესთავაზა საკალათბურთო სამყაროს, პლეი ოფის პირველ რაუნდში გამოთიშა რა ბრძოლას ჩემპიონობის ერთ ერთი პრეტენდენტი “ჩიკაგო ბულზი”. თუმცა ზაფხულში გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კლუბი მისმა სამმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა: საუკეთესო სნაიპერმა ლუის უილიამსმა, ცენტრმა ელტონ ბრენდმა და ბოლო წლების გუნდის უდავო ლიდერმა ანდრე იგუდალამ. მაგრამ შევსებაც საკმაოდ ძლიერი მიიღო: პლანეტის ერთ- ერთი საუკეთესო ცენტრი ენდრიუ ბაინემის სახით, რომელიც სამწამიან ზონაში ბრწყინვალეა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. “სიქსერზის” თამაში პერიმეტრიდან გაცილებით პროდუქტიული რომ გამხდარიყო, გუნდი შეავსეს სამქულიანი ტყორცნების უბადლო შემსრულებლებმა: რიჩარდ ჯეფერსონმა, ნიკ იანგმა და დორელ რაიტმა.
მთავარი მწვრთნელი: დაგ კოლინზი
დაგ კოლინზს თავისი სამწვრთნელო კარიერის ადრეულ ეტაპებზე ორჯერ მოუწია მაიკლ ჯორდანის გაწვრთნა, ჯერ “ჩიკაგოში”, ხოლო შემდეგ უკვე “ვაშინგტონში”. მას ასევე მოუხდა მუშაობდა ახალგაზრდა გრანტ ჰილთან. ვერ ვიტყვით, რომ მწვრთნელმა ამ მოთამაშეებიდან მათი პოტენციალიდან გამომდინარე ბოლომდე გამოწურა სუპერვარსკვლავების შესაძლებლობების მაქსიმუმი, თუმცა, უარყოფითსაც ნამდვილად ვერ დავარქმევთ მიღწეულ შედეგებს. დაგ კოლინზს ნამდვილად ეხერხება ახალი გუნდის შექმნა, რომელიც ძალიან მალე აღწევს თავისი შესაძლებლობების პიკს, დღესდღეობით მას მუშაობა მოუწევს ენდრიუ ბაინემთან, მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ “ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან” გადაყვანილი ცენტრი არასდროს ყოფილა საკუთარ კლუბში ლიდერის პოზიციაზე, ახლა კი კოლინზის დახმარებით სწორედ ეს ფუნქცია უნდა შეითავსოს “ფილადელფიაში”.
უკანა ხაზი: დრიუ ჰოლიდეი, ევან ტერნერი, ჯეისონ რიჩარდსონი
“ფილადელფიისთვის” 2012-13 წლების შედეგი მნიშვნელოვნად იქნება იმაზე დამოკიდებული თუ როგორი პროგრესი ექნებათ კლუბის ახალგაზრდა უკანახაზელებს. გუნდის ძირითადი გამთამაშებელ დრიუ ჰოლიდეი აშკარად ნაკლებად აგრესიულია და რიგ მომენტებში დამაჯერებლობა აკლია. გასულ სეზონში სამქულიანი ზონიდან იგი 38% სიზუსტით უტევდა, შესაშური შედეგია არა? თუმცა, მან სამიანის სროლა მხოლოდ 171 ჯერ “გაბედა”, რაც ძალიან ცოტაა. მიუხედავად ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემებისა, პირველ რიგში აღსანიშნავია მისი სწრაფი ფეხები, ჰოლიდეის ხშირად უნდა უწევდეს საჯარიმო ხაზზე დადგომა, თუმცა 2011-12 წლების სეზონში მხოლოდ 120 თავისუფალი ტყორცნა განახორციელა, რაც ასევე მცირეა. თუ ამ კომპონენტებში მიაღწევს პროგრესს, მაშინ გუნდს უდიდეს დახმარებას გაუწევს.
რაც შეეხება ევან ტერნერს, ამ ბიჭმა ჯერჯერობით ვერ დაანახა საკალათბურთო სამყაროს, თუ რატომ აირჩიეს იგი 2010 წლის დრაფტზე მეორე ნომრად და დააყენეს ისეთი მოთამაშეების წინ როგორებიც არიან მონრო, კაზინსი და პოლ ჯორჯი. მიუხედავად იმისა, რომ იგი უნივერსალი მოთამაშეა, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც მოხსნებზე ბრძოლა, ასევე შესანიშნავი პასების დარიგება. იგი საკუთარ შეტევებს თითქმის არასდროს არ ასრულებს 3 წამიან ზონაში შესვლით და ძირითადად კარგი საშუალო ტყორცნით გადის ფონს. სწორედ ეს კომპონენტია გასაუმჯობესებელი ევანისათვის.
ჯეისონ რიჩარდსონი - იგი უკვე 30 წელს გადასცდა და მისგან არავინ ელის ყოველ მეორე მატჩში 20 ქულიანი ზღვრის გადალახვას. რიჩარდსონმა პირველ რიგში საკუთარი კოლოსალური გამოცდილებით უნდა დააბალანსოს “ფილადელფიელ” ახალგაზრდა უკანახაზელთა თამაში და თუ საჭირო მომენტებში რამდენიმე შორეულ ტყორცნასაც გამოიყენებს, მისგან ყველა კმაყოფილი იქნება.
http://www.youtube.com/watch?v=o8wxYU82LAk
წინა ხაზი: სპენსერ ჰეიესი, ენდრიუ ბაინემი
გასულ სეზონის სტარტზე სპენსერ ჰეიესი “ფილადელფიის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, დიდიწილად მისი კარგი თამაშის წყალობით, (აგროვებდა რა მატჩში საშუალოდ 12 ქულას და 12 მოხსნას), “სიქსერზი” კარგა ხანი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო და სეზონის მაჩვენებლები ცოტა არ იყოს გაიუფერულა (9,6 ქულა, 7,3 მოხსნა, 2,7 პასი). ზაფხულში მან თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, ჰქონდა შეთავაზება ჩემპიონ “მაიამისგან”, თუმცა საბოლოოდ “ფილადელფიაში” დარჩენა ამჯობინა, გააფორმა რა ორწლიანი კონტრაქტი, (რომლის განმავლობაშიც 13,1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს). დაცვაში თამაში ჰეიესის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თუმცა, ბაინემთან შეწყვილება ამ პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს. ენდრიუ მთავარი ფიგურა იქნება მეტოქის 3 წამიან ზონაში, სამაგიეროდ ამით მეტ თავისუფლებას მიიღებს სპენსერი, უფრო ხშირად შეძლებს ამოვიდეს პერიმეტრზე და სამქულიანებით “დაბომბოს” მეტოქე.
ენდრიუ ბაინემის თამაშის დროს “იგნორირებას”, როგორც ეს “ლეიკერსში” ხდებოდა, “სიქსერზში” არავინ დაიწყებს, რადგან აქ იგი გუნდის უდავო ლიდერად მოიაზრება. მას გაცილებით მეტჯერ მიაწვდიან ბურთს და აქვს ბრწყინვალე შესაძლებლობა, საბოლოოდ დაადუმოს კრიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ენდრიუ ვერასდროს გახდება საშუალოდ მატჩში 20 ქულა + 20 მოხსნის მკეთებელ ცენტრად. “ფილადელფიის” სათამაშო სქემა ნელ-ნელა ემგვანება “გასულ სეზონში “ორლანდოს” ნაჩვენებ თამაშს, როდესაც უმაღლესი დონის ცენტრის ირგვლივ შემოკრებილი გახლდნენ მაღალი დონის სამქულიანი ტყორცნების შემსრულებლები, რიგ მომენტებში ბაინემს მოუწევს თავისი აქტიური ქმედებებით მიიზიდოს რამდენიმე მოწინააღმდეგე და შემდეგ დროული პასი გააკეთოს პერიმეტრზე გათავისუფლებული პარტნიორის მიმართულებით.
http://www.youtube.com/watch?v=FjpjUxnxBQk
სათადარიგო სკამი: კვამ ბრაუნი, დორელ რაიტი, ნიკ იანგი
ზაფხულში სათადარიგოთა სკამის გასაძლიერებლად საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა ჩაატარეს “ფილადელფიას” ხელმძღვანელებმა. უკანა ხაზის დასახმარებლად “კლიპერსიდან” გადაიყვანეს ახალგაზრდა ნიკ იანგი, რომელსაც შეუძლია როგორც შორი, ასევე ახლო დისტანციებიდან დაბომბოს მეტოქე, თუ ნიკს თამაში მისდის, მაშინ ძალიან ძნელია მისი შეჩერება. კარგად ეხერხება სამწამიანში შესვლა და სლემ დანქებიც.
დორელ რაიტი კი ნბა-ში აღიარებული სამქულიანების ოსტატია, რომელსაც ძალუძს საკუთარი ცივსისხლიანი ტყორცნებით მარტომ გადაწყვიტოს მატჩში გამარჯვებულის ბედი. ამ ორ მოთამაშეს აუცილებლად მიეცემათ სათამაშო დრო და კარგი გარჯის შემთხვევაში დიდი დახმარება შეუძლია გაუწიონ საკუთარ გუნდს.
ბაინემთან გაფორმებულმა კონტრაქტმა, აღარ მისცა “სიქსერსს” წინა ხაზის დასახმარებლად მაღალი დონის მოთამაშის აყვანის საშუალება, შესაბამისად “გოლდენ სტეიტიდან” გადაყვანილი იქნა ცენტრი კვამ ბრაუნი, რომელსაც ნბა-ში არაერთი ჩატარებული სეზონი უმაგრებს ზურგს, მისი საპლეიოფო გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება გუნდს, რა თქმა უნდა, კვანს მხოლოდ ეპიზოდურ როლებში მოუწევს თამაში, თუმცა ბაინემის ტრავმის შემთხვევაში მაშინვე სასტარტო ხუთეულის წევრი გახდება.
http://www.youtube.com/watch?v=gxG13_LyY0M
სასტარტო ხუთეული: ჯრიუ ჰოლიდეი – ჯეისონ რიჩარდსონი – ევან ტერნერი – სპენსერ ჰოიესი – ენდრიუ ბაინამი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მაჩვენებლები საშუალოდ მატჩში
ქულები: ბაინამი 20,3
მოხსნები: ბაინამი 11,6
გადაცემები: ჰოლიდეი 6,3
ჩაჭრები ნიკ იანგი 1,4
დაფარებები; ბაინამი 2,1
დაკარგვები: ბაინამი 2,6
დასკვნა: დაგ კოლინზს არასოდეს უმუშავია ისეთ კლუბში, რომელიც აწყობილია ცენტრალური თავდამსხმელის ირგვლივ. ახალი სათამაშო მოდელი ძალიან სპეციფიკური იქნება მისთვის და მოუწევს გარკვეულწილად მიჩვევა. ენდრიუ ბაინამის მოსვლა ძალიან კარგია “ფილადელფიისთვის”, მაგრამ 2012-13 წლების სეზონში “სიქსერზის” ბოსები თვითონვე ხვდებიან რომ რაიმე ღირებულის შექმნაზე ამ სეზონში პრეტენზია არ ექნებათ, რადგან გუნდიც უნდა მიეჩვიოს ახალ სათამაშო სტილს, ისინი პლეი ოფში აუცილებლად გავლენ, თუმცა, სეზონის მიმდინარეობისას აუცილებლად გამოჩნდება ასპექტები და პოზიციები, რომელთა გაძლიერება აუცილებელი იქნება. 2013-14 წლის სეზონიდან კი, როდესაც გუნდი საბოლოოდ შეთამაშდება და ჩამოყალიბდება, მაშინ ის უკვე რეალურად შეგვიძლია განვიხილოთ ჩემპიონობის ერთ ერთ პრეტენდენტად მაინც.
http://www.youtube.com/watch?v=DK5pfHXc9Sc
გიორგი ბარბაქაძე